დღეს პატივს მივაგებთ ქართველებს, რომლებიც იბრძოდნენ და თავი გაწირეს თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და დამოუკიდებლობისთვის-პეტერ ფიშერი

12
spot_img

დღეს პატივს მივაგებთ ქართველებს, რომლებიც იბრძოდნენ და თავი გაწირეს თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და დამოუკიდებლობისთვის, რაც ყველა ჩვენგანისთვის არის მუდმივი ვალდებულება, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.

„პატივს მივაგებთ ქართველებს, რომლებიც იბრძოდნენ და თავი გაწირეს თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და დამოუკიდებლობისთვის. ეს მოხდა ბერლინის კედლის დაცემამდე ნახევარი წლით ადრე. თქვენ იბრძოდით თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და დამოუკიდებლობისთვის, როგორც ჩვენ გერმანიაში. და თავისუფლება, დემოკრატია და დამოუკიდებლობა ყველა ჩვენგანისთვის არის მუდმივი ვალდებულება“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.