“დღეს მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე ვიმყოფებით – ევროკავშირი საქართველოს ინტეგრაციის პროცესში ძლიერ მხარდაჭერას გააგრძელებს”

38
spot_img

ევროკავშირი საქართველოს ინტეგრაციის პროცესში, მის ძლიერ მხარდაჭერას გააგრძელებს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი „საქართველოს სოფლის მეურნეობა: ტრანსფორმაცია და ბოლო ათწლეულის განვითარების ტენდენციები“ – პუბლიკაციის პრეზენტაციას დაესწრო და ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

„დღეს, საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე დღე გვაშორებს, რაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე შემდგომ ეტაპზე გადაიყვანს. ჩვენ ამ საერთო გზაზე ვიმყოფებით“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ელჩმა ისაუბრა საქართველოს სოფლის მეურნეობის კუთხით ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ და აღნიშნა, რომ საქართველო მნიშვნელოვნად დაუახლოვდა ევროკავშირის საკვები პროდუქციის ხარისხის რეგულაციებსა და სტანდარტებს, შესაბამისად, ევროკავშირში საქართველოს ექსპორტი გაიზარდა.

„ევროკავშირი, სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპული სამეზობლო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიას უკვე 10 წელია რაც მხარს უჭერს. ეს ევროკავშირის მიერ საქართველოს დახმარების ფლაგმანს წარმოადგენს. ამჟამად, ჩვენი თანამშრომლობის შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების კონტექსტში ჩვენ მეოთხე ეტაპზე ვიმყოფებით. ეს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებასა და საკვების უსაფრთხოების ჰოლიტიკურ მიდგომაზე ახდენს ფოკუსს. საქართველო მნიშვნელოვნად დაუახლოვდა ევროკავშირის საკვები პროდუქციის ხარისხის რეგულაციებსა და სტანდარტებს. ევროკავშირთან დაახლოებამ საქართველოს ადგილობრივი ბაზრის განვითარების საშუალება მისცა და შედეგად, ევროკავშირში საქართველოს ექსპორტი გაიზარდა“, – აღნიშნა ჰაველ ჰერჩინსკიმ.

ჰაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ აუცილებელია სოფლის მეურნეობის საკვები პროდუქციის მწარმოებელთა მდგრადობის შენარჩუნება.

„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთო წუხილი, რომელსაც ვიზიარებთ და ევროკავშირის ყველა წევრმა და საქართველომ უნდა მოაგვაროს, არის სოფლებში თაობათა განახლება. სოფლის მეურნეობის სექტორი კონკრეტულ ყურადღებას საჭიროებს, რომ კვების პროდუქციის მწარმოებლების მდგრადობა შევინარჩუნოთ და უკან არავინ ჩამორჩეს. დღევანდელმა პუბლიკაციამ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო უნდა გააღრმავოს, რათა სოფლის მეურნეობის მდგრადობასთან დაკავშირებული პრობლემები გადაიჭრას. ამის გაკეთება კარგი პრაქტიკით, ახალი ტექნოლოგიებით, და ბუნების დაცვაზე დაფუძნებული გადაწყვეტით შეიძლება, რათა ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა, ნიადაგისა და წყლის მართვის გაუმჯობესება მოხდეს“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

ევროკავშირის ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ქართულ პროდუქტებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სუპერმარკეტების თაროებზე გაზრდილი რაოდენობით იხილავს.

„ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოში ჩემს მიერ გატარებული დროის განმავლობაში მე ნამდვილად დავაფასე ქართული სოფლის მეურნეობა.

საქართველო შესანიშნავი ხარისხის ხილს, ბოსტნეულსა და ზოგადად, საკვებ პროდუქტებს აწარმოებს და იმედს ვიტოვებ, რომ აღნიშნულ პროდუქციას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სუპერმარკეტების თაროებზე გაზრდილი რაოდენობით ვიხილავ. ამ პროცესს ევროკავშირის სოფლის მეურნეობის პოლიტიკის რეფორმა უნდა დაეხმაროს და მაშინ როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობას უახლოვდება, დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი ევროპულ ბაზარზე მის ინტეგრაციას ხელს შეუწყობს. ეს როგორც ქართველ ფერმერებს, ისე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დაეხმარება. დღეს ჩვენ ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე ვიმყოფებით. ევროკავშირი საქართველოს ინტეგრაციის პროცესში, მის ძლიერ მხარდაჭერას გააგრძელებს“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.