დღეს მართლმადიდებლები სულთმოფენობას აღნიშნავენ

137
spot_img

დღეს, ტრადიციულად, საქართველოს ყველა ტაძარი ყვავილებითა და ხის ტოტებით იმოსება – მართლმადიდებელი ქრისტიანები სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავენ.

სულიწმიდის მოფენა, ანუ სულთმოფენობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული დღესასწაულია. ის აღინიშნება აღდგომის ორმოცდამეათე (მეერგასე) დღეს.

მართლმადიდებლური სწავლებით, სულთმოფენობა ეს არის ქრისტეს მიწიერი მისიის დაგვირგვინება, მისი განკაცებით აღთქმის აღსრულება. ეს არის უმთავრესი მოვლენა, ქრისტიანული რწმენის დაარსებაში, ღმერთთან გაწყვეტილი კავშირის აღდგენაში, კაცთა მოდგმის ხსნის განგებულების საქმეში, რომელსაც მოჰყვა საუკუნო მეუფება უფლისა. მართლაც, სულთმოფენობა ერთი მხრივ, აგვირგვინებს და ასრულებს ქრისტეს მიწიერ მოღვაწეობას, მეორე მხრივ კი, იწყებს ახალ ეპოქას მსოფლიოს ხალხების ქრისტიანულ ეკლესიაში გაერთიანებისა, რაც განკითხვის დღით ბოლოვდება.

სწორედ ამ დღეს უკავშირდება დედაეკლესიის დაარსება და მოციქულები სხვადასხვა ენაზე ამეტყველება. ახალი აღთქმის თანახმად, ამ დღეს სიონის მთაზე იყო შეკრებილი 120 ადამიანი, იქ იყო ღვთისმშობელიც და ისინი ელოდებოდნენ აღთქმულს, ანუ, მათ იცოდნენ, რომ უნდა დაარსებულიყო დედაეკლესია და სულიწმიდა გადმოსულიყო იქ შეკრებილ საზოგადოებაზე. მართლაც, როცა ისინი ერთად ლოცულობდნენ, გადმოვიდა სულიწმიდა ცეცხლოვანი ენის სახით და „დაადგრა მოციქულთა ზედა“. ამ მოვლენას ძალიან ბევრი ადამიანი დაესწრო და მოისმინეს, თუ როგორ ამეტყველდნენ მოციქულები სხვადასხვა ენაზე.

ამ დროს მოციქულებს მიეცათ მადლი ღვთის სიტყვის ქადაგებისა, რათა მათ სხვადასხვა ქვეყანაში ექადაგათ უფლის სარწმუნოება. რადგან ისინი უბრალო მეთევზეები, მებადურები იყვნენ და წერა-კითხვა არ იცოდნენ, უცებ ვერ ისწავლიდნენ სხვადასხვა ენას, ამიტომ ისინი სულიწმიდის მადლით ამეტყველდნენ იმ ენაზე, რომელ ენაზეც ამა თუ იმ ქვეყანაში უნდა ექადაგათ ჭეშმარიტი სარწმუნოება.

ასეთი გადმოცემაც არსებობს: რადგან საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, ამიტომ ის ამეტყველდა ქართულად, რათა ქართულად ექადაგა ჭეშმარიტი სარწმუნოება. თუმცა მისი კურთხევითვე, ეს ყოველივე აღასრულეს მოციქულებმა – ანდრიამ და სვიმონ კანანელმა.

სულიწმიდის გარდამოსვლის დღესასწაულამდე, შაბათს, ეკლესიაში იხდიან დიდ პანაშვიდს მიცვალებულების სულის საოხებლად. სულის შაბათი, ანუ სულთაობა – ასე უწოდებენ ამ დღეს და ადამიანები საკუთარი გარდაცვლილების მოსახსენებლად, მათი სულის საოხებლად ეკლესიაში მოდიან, ესწრებიან საყოველთაო პანაშვიდს. მეორე დღეს კი, ანუ სულიწმიდის მოფენის დღეს, საზეიმო წირვისას ეკლესია ხის მწვანე რტოებით, ბალახებითა და ყვავილებით ირთვება, რაც იმ წმინდა და განმაცხოვებელ მადლს მოგვაგონებს, სულიწმიდის მოფენის შემდეგ რომ ვიღებთ. ყვავილები და სიმწვანე, სიმბოლურად, სიცოცხლის მანიშნებელია.

ამ დღეს ეკლესიაში იკითხება ხანგრძლივი მუხლმოდრეკის ლოცვა. წირვის შემდეგ წინამძღვარი აღსავლის კართან მოიყრის მუხლს, მრევლიც იყრის მუხლს და ამ დროს იკითხება სულიწმიდის მოწვევის ლოცვები. ეს არის ძალიან ლამაზი, ბედნიერი, მისტიკური დღე.