“დღეის მდგომარეობით, ისევ დაუსჯელები რჩებიან მთავარი მოქმედი პირები, რომლებმაც გააყალბეს როინ შავაძის საქმე”-ირაკლი კუპრაძე

87
spot_img

აგვისტოს ომის ვეტერანი, როინ შავაძე, ძალადობით მოკლეს ქობულეთის გზაზე 40 ჭრილობით და დღეს „ქართული ოცნება“ მორალური პედესტალიდან ესაუბრება საზოგადოებას, თითქოს სამართლიანობის აღდგენა მიმდინარეობს. ეს არის უმძიმესი, უბინძურესი ტყუილი შავაძის ოჯახის, მისი ხსოვნისა და მოქალაქეების წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მფარველობს ამ საქმის მთავარ მონაწილეებს – შავაძის საქმის პროკურორს ვასილ როინიშვილს, რომელიც დღეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და შავაძის საქმის გამომძიებელ რესან კონცელიძეს, რომელიც არის მმართველი პარტიის დეპუტატი და ბათუმის მაჟორიტარი.

„დღეს „ქართული ოცნება“ გამოდის გონორით და საუბრობს იმაზე, თითქოსდა სამართლიანობის აღდგენა დაიწყეს, რაც არის ტყუილი და ნაძირლობა „ქართული ოცნების“ მხრიდან. 2020 წელს მხოლოდ და მხოლოდ ევროპული სასამართლოს მიერ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, განახლდა საგამოძიებო მოქმედებები სერჟანტ როინ შავაძის საქმესთან დაკავშირებით, რის შემდეგაც, მხოლოდ და მხოლოდ ახლა დააკავეს კუდ-ის რამდენიმე თანამონაწილე მკვლელობის. მაგრამ დღეის მდგომარეობით, ისევ დაუსჯელები რჩებიან მთავარი მოქმედი პირები, რომლებმაც გააყალბეს შავაძის საქმე. დაზარალებულის სტატუსიც კი არ მიანიჭეს ოჯახის წევრებს, რომლებსაც მოუკლეს აგვისტოს ომის მონაწილე ოჯახის წევრი.

საუბარია ვასილ როინიშვილზე, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი პროკურორი და შავაძის საქმის ზედამხედველი პროკურორი. „ქართულმა ოცნებამ“ ვასილ როინიშვილი 2020 წელს, მათ შორის ჩვენი პროტესტის პარალელურად, დანიშნა და აირჩია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ. ამის შემდეგ, ის კიდევ უფრო დააწინაურეს და დღეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. პირი, რომელზეც ევროპული სასამართლო ამბობს, რომ პროკურატურამ არაფერი გააკეთა შავაძის საქმის გამოძიებისთვის, პირიქით, ხელს უშლიდა მას და იყო ერთ-ერთი გამყალბებელი.

მეორე პირი, რესან კონცელიძე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აქცია საქართველოს პარლამენტის დეპუტატად და ბათუმის მაჟორიტარად. ადამიანი, რომელიც იყო აჭარის მთავარი პოლიციელი, შავაძის საქმის გამომძიებელი, რომელსაც ხელს ადებს შავაძის ოჯახი, ადვოკატი. ადამიანი, რომელმაც პირველმა შეისწავლა, დაასურათა და აღწერა ფაქტობრივი მტკიცებულებები, გააყალბა ისინი და მიაწოდა პროკურატურას. ორი ადამიანი -რესან კონცელიძე და ვასილ როინიშვილი დღეს იკავებენ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო ინსტიტუტებში უმაღლეს პოზიციებს. „ქართული ოცნება“ სერჟანტ შავაძის საქმეში არის თანამონაწილე იმ დანაშაულისა, რომელიც დაათენეს ერთ ჩვეულებრივ ოჯახს. „ქართული ოცნება“ მფარველობს ამ საქმის მთავარ მონაწილეებს. მოვუწოდებთ თავად როინიშვილს და კონცელიძეს, აიღონ პასუხისმგებლობა ამ უმძიმეს საქმეზე და დატოვონ ის პოზიციები, რომლებიც მათ დღეს აქვთ. მათ არ აქვთ არანაირი მორალური უფლება, იყვნენ საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლები“,- განაცხადა კუპრაძემ.