დეზინფორმაციაა, თითქოს საქართველო გვერდში არ უდგას უკრაინას -ირაკლი ჩიქოვანი

19
spot_img

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, დეზინფორმაციაა, თითქოს საქართველო გვერდში არ უდგას უკრაინას.

ჩიქოვანის თქმით, ათზე მეტი რეზოლუციაა, სადაც საქართველო მკაფიოდ უჭერს მხარს უკრაინას და არ არსებობს ერთი თემაც კი, რომელზეც არ იყო საქართველოს მხარდაჭერა.

ირაკლი ჩიქოვანმა ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის შეკითხვებს უპასუხა.

„უკრაინასთან თანამშრომლობა, არაერთი რეზოლუცია, დეზინფორმაციასთან ბრძოლაც – ცოტა ირონიულია, როცა ეს ორი შეკითხვა ერთიანად გააჟღერა ერთი და იგივე ავტორმა. ის საუბრობს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის დეზინფორმაციასთან ბრძოლა. მგონია, რომ მან უნდა დაიწყოს, პირველ რიგში, საკუთარი თავით და არ უნდა გაავრცელოს დეზინფორმაცია, არუნდა გაავრცელოს დეზინფორმაცია და თქვას, რომ საქართველო გვერდში არ უდგას უკრაინას და საქართველო მხარს არ უჭერს თუნდაც ევროპის საბჭოში, რომელშიც ის გახლდათ წევრი დელეგაციისა, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი. არის რამდენიმე დეტალი, რომელიც მას შეიძლება, არ ახსოვს, არ იცის, ან ყურადღება არ მიუქცევია. 10-ზე მეტი რეზოლუცია არსებობს, სადაც საქართველო მკაფიოდ უჭერს მხარს. იყო ერთი რეზოლუცია, რომელიც უკავშირდებოდა ბავშვების საკითხს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკანონოდ გადაყვანილი უკრაინელი ბავშვების საკითხს. ამ საკითხზე არ არის ქართული დელეგაციის ხმა, რადგან დელეგაცია არ იმყოფებოდა, თუმცა სულ რამდენიმე კვირის, თუ დღის წინ ჩვენი დელეგაცია, მათ შორის ქალბატონი ხატია იმყოფებოდა სტრასბურგში და ზუსტად ანალოგიური შინაარსის რეზოლუციას ჩვენმა დელეგაციამ მხარი დაუჭირა, მათ შორის უმრავლესობამ და სასიამოვნოა, რომ ოპოზიციამაც. ერთი თემაც კი არ არსებობს, რომელზეც არ იყო საქართველოს მხარდაჭერა. ყველა საკითხთან მიმართებით დაფიქსირებული გვაქვს ჩვენი მკაფიო პოზიცია, რომელიც თავიდანვე გვქონდა“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.