დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ „ლელო“ უერთდება პრეზიდენტის ინიციატივას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ შექმნაზე

17
spot_img

„ლელოს“ წევრი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ მისი პარტია მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, მომავლის ქარტია „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ შექმნასთან დაკავშირებით.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, „ლელო“ იყო და არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პოლიტიკური სუბიექტი და მონაწილე ევროპული ინტეგრაციის პროცესში.

„მინდა, გამოვეხმაურო პრეზიდენტის ინიციატივას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დასაჩქარებლად გარკვეული ფორმატის პლატფორმის შექმნის თაობაზე. ყველას მინდა, შევახსენო, რომ „ლელო“ იყო და არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პოლიტიკური სუბიექტი და მონაწილე ევროპული ინტეგრაციის პროცესის, შარლ მიშელის დოკუმენტის შემუშავების პროცესიდან მთელი შემდგომი ეპოპეა. „ლელო“ იყო აქტიურად ჩართული ყველგან, სადაც ევროპული საქმე კეთდებოდა. „ლელო“ არ მონაწილეობდა იქ, სადაც ევროპული საქმის იმიტაცია იყო და არც ხვალ მიიღებს მონაწილეობას ამაში, რადგან ეს არის სახელმწიფოებრივი საქმე. პრეზიდენტის შემოთავაზებას მიველსამებით“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, „ლელოს“ შემუშავებული აქვს და საზოგადოებას უკვე გააცნო ცხრაპუნქტიანი გეგმა, რომელიც აუცილებელია ქვეყნის შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად.

„მზად ვართ, ამ პლატფორმის ფარგლებში ჩვენი გეგმაც წარვადგინოთ და სხვებისაც მოვისმინოთ. ეს არის აუცილებელი, რადგან ვიზიარებთ პრეზიდენტის მოსაზრებას, რომ მომავალი არჩევნები არ იქნება უბრალოდ ხელისუფლების შესაცვლელი არჩევნები. „ლელოს“ მომავალი არჩევნები წარმოუდგენია ფუნდამენტური ცვლილებების არჩევნებად. მე და „ლელო“ მოგმართავთ. პერსონალურად თქვენ უნდა უზრუნველყოთ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, სწორედ იმ ბერკეტებით, რაზეც თქვენ თავად საუბრობდით. სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება, სადაც მოქალაქეებს ექნებათ ნება, რომ აიღონ ხელში ძალაუფლება, რწმენა იმისა, რომ მათი ხმა იქნება დაცული და შემგუებლობა იმისა, რომ სხვანაირი ხალხიც არსებობს ამ ქვეყანაში და მათი მოწინააღმდეგეც იქნება ამ პარლამენტში, რათა ეს ბრძოლა არ იყოს, ეს არ იყოს შერკინება გლადიატორებს შორის, ეს იყოს თავისუფლების ზეიმი. ამისი ბერკეტები გაქვთ, ამას სწორედ მორალური ლიდერობა სჭირდება. მე მახსოვს თქვენ, წმინდა ნინოს გზა გამოიარეთ ჯვრით ხელში, მოგიწოდებთ, გავალებთ, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, ახლა უკვე საქართველოს კონსტიტუციით შემოიარეთ, ილია მართლის გზაზე შემოიარეთ საქართველო, ყველა სოფელსა და ქალაქში, რათა ადამიანებში არ იყოს ის ნიჰილიზმი, რასაც ხელისუფლება აღვივებს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.