დავით ხიდაშელთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც მკაფიოდ ეწერა, რომ არავითარ ინფორმაციაზე, მითუმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია მას -პრემიერი

38
spot_img

დავით ხიდაშელთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ძალიან მკაფიოდ ეწერა, რომ დავით ხიდაშელს არავითარ ინფორმაციაზე, მითუმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ხიდაშელთან იყო გარკვეული შრომითი ურთიერთობა, რომელიც შეწყდა თებერვლიდან.

„მე როგორც ვიცი, დავით ხიდაშელთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ტექსტში ძალიან მკაფიოდ ეწერა, რომ არავითარ ინფორმაციაზე, მითუმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია დავით ხიდაშელს. ჩვენ ვართ პასუხისმგებლები საკუთარ გადაწყვეტილებებზე. საბოლოო ჯამში, გვქონდა მსჯელობა ამ თემასთან დაკავშირებით. იყო გარკვეული შრომითი ურთიერთობა, რომელიც შეწყდა თებერვლიდან. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ეს ადამიანი დაახლოებულია ევტუშენკოვთან, რომელიც არის ბაიდენის ოჯახთან დაახლოებული პირი და არა მგონია, აქ რაღაც სპეკულაციის საფუძველი იყოს. ამერიკამ არ დაასანქცირა იმის გამო, რომ არის მჭიდრო კავშირში ამერიკულ პოლიტიკურ ელიტასთან, მათ შორის, ბაიდენის ოჯახთან. შესაბამისად, აქ სპეკულაციები მე მგონი, ზედმეტია“, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დავით ხიდაშელთან დაკავშირებით განცხადება 15 მარტს გაავრცელა.

„2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად. იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, დავით ხიდაშელს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის, მე-2 პუნქტის მიხედვით, შეუწყდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მას შემდეგ თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს. ამასთან, დავით ხიდაშელს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში არ ჰქონია სახელმწიფო საიდუმლო ცნობებზე დაშვება“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.