დავით კეზერაშვილს, ვანო მერაბიშვილს და ზაზა გოროზიას „ნაციონალურ მოძრაობაში“, ფულის შოვნის გარდა, არაფერი უნდათ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
მელიას თქმით, ოპოზიციაში რომ არიან ადამიანები, რომლებიც არანაკლებ მდიდრდებიან, ვიდრე სახელისუფლებო შტოების წარმომადგენლები, ახალი არ არის.
ამასთან, როგორც მელიამ აღნიშნა, ჰქონდა შესაძლებლობა, პარტიისგან მსგავსი ადამიანები ჩამოეშორებინა.
„კეზერაშვილმა და ბატონმა მერაბიშვილმა უნდა გადაწყვიტონ, ნიკა მელია, უამრავ სხვა ადამიანთან ერთად, რომელ გზას დაადგება? გგონიათ, ამისკენ მივისწარფით? ადამიანებს, რომლებსაც დროის აღქმა აქვთ დაკარგული და არ იციან, მომავალ წელს კალენდრით რომ 2024 წელია, ჰგონიათ, გარეთ 2004 წელია. მიხეილ სააკაშვილმა ის პროცესი, რომელიც დააგვირგვინა გამარჯვებით, სიმართლით, ღირსებით, ახლებური მიდგომით დაიწყო და არა სიძველით, სიყალბით, სიყალბის ლაბორატორიად გადაქცეული ორგანიზმიდან იდეების მსხვრევით. ამიტომ დაგვირგვინდა მაშინ წარმატებით. ვანო მერაბიშვილს, დავით კეზერაშვილს, ზაზა გოროზიას რა უნდათ ენმ-ში? ფულის შოვნის გარდა, არაფერი არ უნდათ. ვერცერთ მეგრელს ვერ იპოვი, რომელიც ალალად გეტყვის, ზაზა გოროზია იბრძვის იმიტომ, რომ ნებისმიერი მეგრელის, ქართველის თუ არაქართველის კეთილდღეობა გაზარდოსო. ხშირად მეკითხებიან, რა არის პრობლემა, რომლის განვითარებისთვის ხელის შეშლა შემეძლო, რაზეც ჩემი პასუხია: შემეძლო პარტია სარეველასაგან გამეთავისუფლებია, რიგი ადამიანები ჩამომეშორებია, მაგრამ ერთობა მიმაჩნდა ძალიან ძვირფასად ბიძნა ივანშვილის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ ახლა უკვე დავრწმუნდი, რომ სწორი ერთობაა მნიშვნელოვანი, რომელიც 24 საათი იმაზე კი არ ფიქრობენ, როგორ იშოვონ და მოიპარონ ფული. სამწუხაროდ, ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც არანაკლებ მდიდრდებიან, ვიდრე სახელისუფლო შტოების წარმომადგენლები, ეს ახალია? შეუძლებელია, იყო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ათი წლის განმავლობაში და მილიონობით შეფასებულ სახლს მიმდინარე წელს ამთავრებდე. ანატომიურად ვიცნობ ამ ადამიანებს“, – განაცხადა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.
მისივე თქმით, ზაზა გოროზია ფრიდონ ინჯიას უახლოესი ბიზნესპარტნიორია.
„ივანიშვილი არის ბედნიერი, როდესაც ამათ უყურებს, რადგან იცის, გოროზია არის უახლოესი მოკავშირე ფრიდონ ინჯიასი. ზაზა გოროზიასთან ერთად სამეგრელოში რა უნდა მოხდეს? ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს გოროზიამ, ინჯიას უახლოესმა ბიზნესპარტნიორმა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები რამდენიმე სოფელში არ დააყენა. ადგილობრივ პარტიას მოელაპარაკა, ინჯიას პარტიის წარმომადგენლები დაეყენებინათ. დაუჯერეს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი კანდიდატები არ დააყენა ინჯიასა და გოროზიას შეთანხმების საფუძველზე. ოპოზიციამ ჯამურად მეტი მანდატი მოიპოვა მარტვილის საკრებულოში, მაგრამ ინჯია-გოროზიას კანდიდატებმა, რომლებიც დეპუტატები გახდნენ, რა ქნეს პირველივე დღეს? ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.