დავით კეზერაშვილი საკუთარ სოციალურ მედიაზე ხშირად არეკლამებდა თაღლითურ სავაჭრო პლატფორმებს. სოციალურ ქსელ LinkedIn-ზე ის საკუთარ ანგარიშს თითქმის ექსკლუზიურად იყენებდა Milton Group-თან დაკავშირებული კომპანიების სამუშაოების რეკლამირებისთვის და აზიარებდა მათ პოსტებს, – ამის შესახებ საუბარია BBC-ის საგამოძიებო ფილმში, რომელიც დავით კეზერაშვილის თაღლითურ სქემას ეძღვნება.
როგორც გამომძიებელი ჟურნალისტები აცხადებენ, არსებობს რამდენიმე სხვა სამხილიც, რომელიც საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს Milton-ის ბრენდებთან აკავშირებს.
„რამდენიმე კომპანია, რომელსაც კეზერაშვილი ფლობდა, იყენებდა იმეილის კერძო სერვერს, რომლის სხვა მომხმარებლებიც Milton-ის ჯგუფის კომპანიები იყვნენ. კეზერაშვილს ასევე ეკუთვნის შენობა, რომელიც კიევის ოფისია თაღლითურ ქოლ-ცენტრ „ევერეფიქსისთვის“ და პროგრამების უზრუნველმყოფი ტექნოლოგიური ფირმისთვის. ამ ოფისში პოლიციამ რეიდი ნოემბერში ჩაატარა. მას ასევე თბილისში ეკუთვნის ოფისები, სადაც განთავსებულია ზოგიერთი იგივე ფირმა. როდესაც შევამოწმეთ Milton-ის ჯგუფის მაღალი რანგის წარმომადგენელი ოთხი პირის სოციალური მედიის პროფილები – ქორწილის, წვეულებებისა და სხვა სოციალური ღონისძიებების ფოტოებიდან ცხადი გახდა, რომ ყველა მათგანს ახლო კავშირი აქვს დავით კეზერაშვილთან. კეზერაშვილი არის Milton-ის ჯგუფის თაღლითობასთან დაკავშირებული სულ მცირე 45 ადამიანის ფეისბუქ-მეგობარი, ხოლო ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული 4 მაღალი რანგის პირიდან ერთ-ერთი მისი ბიძაშვილია“, – ვიგებთ ფილმიდან.
აუდიო მასალის შემდეგ, BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმიც გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.
ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
მანამდე BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.