დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გელათში რომ ისევ ჩამოვიდა წყალი და მორიგ ჯერზე ჩამოირეცხა უნიკალური ხატები, ეს არის თქვენი გამარჯვება? დავით აღმაშენებლის სული ალბათ ძალიან შეძრწუნებულია იმით, რასაც ახლა ხედავს, ვის ხელშია ეს ქვეყანა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი მიმდინარეობს.
ნაცვლიშვილის თქმით, გელათი არის სიმბოლო იმისა, რა დღეშიც ჩააგდო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ქვეყანა.
„გამარჯვებებზე იყო საუბარი, რას მიიჩნევთ გამარჯვებად, ძალიან მაინტერესებს. შემთხვევით არ ახსენეთ დიდი დავით აღმაშენებლის ხსენების დღე. მის დღეს გელათში რომ ისევ ჩამოვიდა წყალი და მორიგ ჯერზე ჩამოირეცხა უნიკალური ხატები, ეს არის თქვენი გამარჯვება? ასე ზომავთ გამარჯვებას? დავით აღმაშენებლის სული ალბათ ძალიან შეძრწუნებულია იმით, რასაც ახლა ხედავ, ვის ხელშია ეს ქვეყანა, როგორი ხელისუფლება ჰყავს მის ქვეყანას. ეს არ არის გამარჯვება. კულტურის მინისტრს შეუძლია, ბევრი პერსონალური თავდასხმა თუ სხვა ოინბაზობები მოიხმოს, რომ ყურადღება სხვა საკითხებზე გადაიტანოს, მაგრამ ვერც თქვენ და ვერც თქვენი ხელისუფლება ვერ აიცილებთ პასუხისგმებლობას ვერც სამართლის და ვერც ისტორიის წინაშე იმის გამო, რაც დამართეთ გელათს. წინა ხელისუფლებას ნუ გადააბრალებთ, მათ თავისი ეყოფათ. მე-12 წელია, ხელისუფლებაში ხართ, რა ვერ შეძელით, რა ვერ გადახურეთ, რომ ისტორიული, უნიკალური ძეგლი არ ირეცხებოდეს? გელათი დღეს არის სიმბოლო იმისა, რა დღეშიც ჩააგდეთ ქართული სახელმწიფო და საზოგადოება. ეს არ არის ერთადერთი, მაგრამ არის ძალიან მძიმე, ტრაგიკული გამოხატულება და სამუდამოდ დარჩება თქვენი ხელისუფლების დაღად“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.