თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.
დღევანდელ სხდომაზე დაზარალებულმა ნეკა დოროყაშვილმა 2018 წელს, ნიუ-იორკში გადაღებული ვიდეომასალა წარადგინა, რის შემდეგაც ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.
საკუთარ მობილურ ტელეფონში არსებული ვიდეომასალა დოროყაშვილმა მოსამართლეს პირადად აჩვენა და თან ფაქტთან დაკავშირებით განმარტებებიც გააკეთა.
„დააკვირდით მოძრაობას, ნიკოლოზი მოემართება ჩემკენ და ეძებს რაიმე ნივთს, რომ ჩამარტყას. დააკვირდით ხელის მოძრაობას… მომხვდა თავში, მეტკინა ძალიან, მართალია, სხვა დაზიანებებიც მქონდა ამ დროს მიღებული, აღვნიშნე, რომ ბოლო კადრებია, არ მქონია მოლოდინი, რომ იძალადებდა კიდეც ფიზიკურად, მე უბრალოდ ვფიქრობდი, რომ ფსიქოლოგიურად გააგრძელებდა ძალადობას. მანამდე იყო იატაკზე თრევა.
ნიკოლოზი ნამდვილად ოთახში იმყოფება, ნამდვილად ვეუბნები, რატომ მირტყამო, ხმას არ მცემს და აგრძელებს ძალიან მშვიდად და წყნარად, არ მეწინააღმდეგება, არ მეუბნება, რას ამბობ, მე არ გირტყამო. საერთოდ, რად გვინდა ეს დისკუსია, როცა არსებობს ძალადობის კადრები, საერთოდ რატომ დავდივარ აქ, რატომ დავდივარ ეს 4 წელია, გამაგებინეთ. მე გამასამართლეს ნიკოლოზის მაგივრად და ნიკოლოზს შეუქმნეს ყველანაირი კომფორტი. მე დავდივარ 5 წელია და ვამტკიცებ, როგორ დამარტყა ჩანთა“, – განაცხადა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე.
სხდომას არ დასწრებია ნიკოლოზ ბასილაშვილი.
შემდეგ სხდომაზე, რომელიც 7 ივლისს, 11:00 საათზე ჩატარდება, დაცვის მხარე წარმოთქვამს დასკვნით სიტყვას.
ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ქვეყნის პირველმა ინსტანციის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. პროკურატურა ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატებს მოლოდინი აქვთ, რომ მეორე ინსტანციის სასამართლო განაჩენს უცვლელად დატოვებს.