“დაუშვებელია რუსული გავლენის გაძლიერება საქართველოში”-მიხეილ დაუშვილი 

70
spot_img

“ქართულ- რუსულ უნივერსიტეტი დამატებით გავლენის ინსტრუმენტი იქნება რუსეთისთვის, – აცხადებს  პარტია “საქართველოსთვის” წევრი, დეპუტატი მიხეილ დაუშვილი.

მისი თქმით, აუცილებელია ამ საკითხზე ხელისუფლებამ მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს და როცა მმართველი გუნდის წევრები ამ საკითხს “ოპოზიციის პროპაგანდას” უკავშირებენ, ეს გაუგებარია, რადგან განცხადება, რომ მსგავსი უნივერსიტეტის გახსნა იგეგმება, ყველამ ნახა.

“მიუღებელი და დაუშვებელია რუსული გავლენების დამატებით გაძლიერება საქართველოში, ასეთი ტიპის უნივერსიტეტის გახსნა, რა თქმა უნდა, იქნება გავლენის და ზემოქმედების დამატებით ინსტრუმენტი საქართველოში, ამიტომ ეს კატეგორიულად მიუღებელია. ასევე, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებისგან მოვისმინოთ მკაფიო პოზიცია, რომ რუსული გავლენების გაზრდა საქართველოში და მსგავსი უნივერსიტეტის გახსნა მიუღებელია,”- განაცხადა დაუშვილმა.

პრიმაკოვის სახელობის ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის მშენებლობა იგეგმება და ამისთვის უკვე ადგილს ეძებენ.

რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნის მოთხოვნით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განცხადება არ შესულა.