დასავლეთის ლიდერებმა რუსეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები გააკრიტიკეს

25
spot_img

რუსეთში ჩატარებული არჩევნები, რომლის შედეგადაც ვლადიმერ პუტინი ძალაუფლებას კიდევ ერთი ექვსწლიანი ვადით ინარჩუნებს, დასავლეთის ლიდერებმა და მთავრობებმა გააკრიტიკეს. სოცქსელში გამოქვეყნებულ კომენტარებში ნათქვამია, რომ პუტინის არჩევნები შორს იყო დემოკრატიისა და არჩევანის თავისუფლებისგან. მსოფლიო ლიდერებმა კრემლის მიერ რუსული არჩევნების უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარება დაგმეს.

„რუსეთში საარჩევნო უბნები დაიხურა. უკრაინის ტერიტორიაზე არჩევნები უკანონოდ გაიმართა, ამომრჩევლისთვის არჩევანის არარსებობის პირობებში და ეუთოს დამოუკიდებელი მონიტორინგის გარეშე. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ასე არ გამოიყურება“, – წერს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კემერონი.

სლოვაკეთის პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამ კი აღნიშნა, რომ რუსული არჩევნები მოკლებული იყო სამართლიანობას და არჩევანის თავისუფლებას.

„ინსცენირებული პროცესი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იყო საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და მას საერთაშორისო საზოგადოება არასოდეს აღიარებს“, – აღნიშნა მან.

განცხადება გაკეთდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.

„ფსევდო არჩევნები რუსეთში არ იყო თავისუფალი, არც სამართლიანი. შედეგმა არავინ გააკვირვა. პუტინის მმართველობა არის ავტორიტარული და ეფუძნება ცენზურას, რეპრესიებსა და ძალადობას. არჩევნები უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არალეგიტიმურია და საერთაშორისო სამართლის კიდევ ერთ დარღვევას წარმოადგენს“, – აღნიშნავენ უწყებაში.

რუსეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით ვლადიმერ პუტინი 87,97%-ით იმარჯვებს.