„დასავლეთი უკრაინის ომთან მიმართებით „ჩიხურ სიტუაციაში“ მოექცა“ – რას წერს უცხოური პრესა

28
spot_img

„ჯერ კიდევ გასულ 2023 წელს მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შეკრებილი მსოფლიოს ლიდერები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ომში უკრაინა გაიმარჯვებდა, ახლა კი, წლევანდელ ფორუმზე მათ თავიანთ რწმენაში ეჭვი შეეპარათ და იქითკენ იხრებიან, რომ სამწუხაროდ, შეიძლება რუსეთმა გაიმარჯვოს“, – ნათქვამია ფრანგულ გაზეთ „ლე ფიგაროში“ (Le Figaro) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „დასავლეთი უკრაინის ომთან მიმართებით „ჩიხურ სიტუაციაში“ მოექცა“ (ავტორი – პიერ ავრილი), ამიტომაც მიუნჰენის ამჟამინდელი კონფერენციამ გაურკვევლობისა და  მღელვარების ფონზე ჩაიარა“, მით უმეტეს, რომ სწორედ ფორუმის დროს გავრცელდა სამწუხარო ინფორმაციები რუსეთის არმიის წარმატებაზე ქალაქ ავდეევკის აღების შესახებ, ალექსი ნავალნის სიკვდილისა და უკრინის დახმარების დაბლოკვა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ.

„კონფერენციის მონაწილეები მართლაც ძალიან შეშფოთებულები გამოიყურებოდნენ მსოფლიოში და უპირველეს ყოვლისა, რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტზე შექმნილი სიტუაციის გამო. სადარდებელი მათ მართლაც ჰქონდათ: უკრაინის არმიამ, შარშანდელი კონტრშეტევის ჩაშლას, წლევანდელი კიდევ ერთი წარუმატებელი ფაქტი დაუმატა – ავდეევკიდან უკან დაიხია და ამრიგად, ქალაქი რუსებს ჩაუვარდათ ხელში, მოკვდა ალექსი ნავალნი – ვლადიმერ პუტინის რეჟიმის ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგე, რომელიც რუსულმა თემიდამ გაასამართლა და არქტიკულ ზონაში მდებარე შორეულ კოლონიაში გაგზავნა მკაცრი სასჯელის მოსახდელად. ამას დაემატა ამერიკელი კანონმდებლების, უმეტესად კი რესპუბლიკელ კონგრესმენთა უარი უკრაინისათვის დახმარების გაწევაზე… არადა, ამერიკის დახმარება უკრაინის არმიას ჰაერივით ესაჭიროება. მოკლედ, დასავლურ ბანაკს უმწეობის შეგრძება გაუჩნდა“, – ნათქვამია სტატიაში.

საბოლოოდ, მართალია, კონფერენცია დასრულდა დაპირებებით, რომ დასავლეთი უკრაინისადმი დახმარება გააგრძელებს, თუმცა მსგავსი დაპირებები მუდმივად უკვე ორი წელია ისმის. ევროპელი პოლიტიკოსები და ექსპერტები გრძნობენ, რომ უკრაინის პერსპექტივა ეჭვქვეშ დადგა. „სამწუხაროდ, დღეს საფრთხეები უფრო ღრმა და მკაფიოდ შესამჩნევია. შარშანდელი გადაჭარბებული ოპტიმისტური იმედები ბურუსიანი გაურკვევლობებით შეიცვალა. ჩვენ ჩიხში ვართ შესულები“, – ამბობს დენ სმიტი, მშვიდობის პრობლემების კვლევის სტოკჰოლმის (შვედეთი) ინსტიტუტის დირექტორი. „გასულ წელს ჩვენ გვეგონა, რომ უკრაინა გაიმარჯვებდა. ახლა კი იმის ნიშნებია, რომ რუსეთი გაიმარჯვებს“, – აცხადებს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი. სხვათა შორის, ამას ცოტა წინათ სწორედ ნორვეგიის სპეცსამსახურებმა გამოაქვეყნეს მოხსენება, რომლის თანახმად, კრემლისჯარები უკრაინის არმიასთან ბრძოლაში თავის უპირატესობას იბრუნებენ.

ვლადიმერ ზელენსკიმ, როგორც ყოველთვის, იარაღის უკმარისობაზე დაიჩივლა და აღნიშნა, რომ რუსეთს მართლაც უპირატესობა აქვს და ეს ხელს უწყობს მოსკოვს ინტენსიური ომისადმი ადაპტირების საქმეში. მართალია, უკრაინის პრეზიდენტმა კონფერენციის ჩარჩოებში ხელი მოაწერა უასაფრთხოების შეთანხმებებს თავის გერმანელ და ფრანგ კოლეგებთან, მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკოსი თვლის, რომ ეს ძალიან მცირეა და უკვე შეიძლება დაგვიანებულიც. „შარშან უფრო მეტი უნდა გაგვეკეთებინა უკრაინისათვის, ომის დაწყებისთანავე… ჩვენ კი თავს ვარიდებდით ქმედით დახმარებას“, – განაცხადა კონფერენციაზე გამოსვლისას დანიის პრემიერ-მინისტრმა.

აშკარად ჩანდა, რომ დანიელი ლიდერის კრიტიკა ირიბად გერმანიის წინააღმდეგ იყო მიმართული, რადგან ბერლინმა თავდაპირველად ომიდან განზე დგომა არჩია და ხშირად გაუბედავად მოქმედებდა, მაგრამ დღეს სხვანაირი სიტუაციაა: გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა წაიტრაბახა კიდეც – „ჩვენ, აშშ-ის შემდეგ უკრაინას ყველაზე მეტ დახმარებას ვუწევთო“. თუმცა კანცლერმა თავი აარიდა პასუხს კითხვაზე – გადასცემს თუ არა გერმანია უკრაინას „ტაურუსის“ სისტემის შორსმოქმედ ფრთოსან რაკეტას, რომელიც ერთგვარ „სასწაულმოქმედ იარაღად“ არის შერაცხული. სხვათა შორის, გერმანია უარს აცხადებს უკრაინისათვის ავიაციის გადაცემაზეც და კიევში ბუნდესვერის ინსტრუქტორების გაგზავნაზეც.

როგორც კვლევები აჩვენებენ, ევროკავშირს მხოლოდ იმის ნახევარი აქვს გაკეთებული, რაც ივალდებულა და, ალბათ, ასევე მთლიანად არ შეასრულებს იმას, რასაც უკრაინას პირდება. ევროპის ქვეყნები ყველაზე უუნარონი აღმოჩნდნენ საბრძოლო მასალების (ძირითადად, ჭურვების) მიწოდებაში და ამ პრობლემის როგორმე მოგვარების მიზნით ურსულა ფონ დერ ლაიენმა თავისი გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ევროკომისიაში შექმნილია ახალი თანამდებობა – „ევროპული თავდაცვის კომისარი“.

ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა საკმაოდ ეჭვის თვალით შეხედა ურსულა ფონ დერ ლაიენის გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ ევროპული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საყრდენად ჩრდილოატლანტიკური ალიანსი წარმოადგენს, „ამიტომ რაიმე დუბლირება და ან კონკურენცია ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს. ევროკავშირის ქვეყნების დაცვაში ნატოს მეტოქე არ ჭირდება“. მან კონფერენციის მონაწილეებს გაახსენა, რომ ნატოს ბიუჯეტის 80%-ს ის ქვეყნები იხდიან, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან (გენმდივანს მხედველობაში ჰყავდა აშშ, კანადა და დიდი ბრიტანეთი).

დიახ, ნატოს დაფინანსების მთავარ წყაროს ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს , მაგრამ ის ფაქტი, რომ შეიძლება ვაშინგტონის მხარდაჭერის გარანტიები შესუსტდეს, დასავლური ბანაკის ქვეყნებში პანიკას იწვევს. „მე ძალიან კარგად მესმის თქვენი იმედგაცრუება, მაგრამ უნდა გააცნობიეროთ, რომ ამერიკას სხვა მნიშვნელოვანი პრობლემებიც ავს და მათი მოგვარება აუცილებელია“, – განაცხადა უკრაინელების გასაგონად ამერიკელმა სენატორმა პიტ რიკეტსმა, – „სანამ თქვენ საკუთარ მიწას იცავთ და რუს დამპყრობელ ჯარისკაცებს ებრძვით, მანამ ჩვენს მიწაზე ასობით ათასი მიგრანტი ცდილობს გადმოსვლას და საზღვრების დარღვევას. ჩვენ ვებრძვით არალეგალურ მიგრაციას, რისთვისაც აუცილებელია საზღვრების გამაგრება“.

„ცეცხლს ნავთი დაასხა“ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო განცხადებებმაც ნატოს ზოგიერთი წევრების მიმართ დამოკიდებულების შესახებ. ფაქტიურად, ევროპელები ორ ბანაკად გაიყვნენ: ერთი მხრივ, აშშ-სთან კეთილი ურთიერთოების მსურველებად, რომლებსაც ვაშინგტონის დახმარება ჭირდებათ, მეორე მხრივ – პანიკიორებად. „ჩვენ დონალდ ტრამპის განცხადებას ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ… რიგ შემთხვევებში, განსაკუთრებით ნატოს ბიუჯეტში გადახდისა და საკუთარი თავდაცვისათვის შესაბამისი თანხის გამოყოფის საკითხებში იგი მართალია“, – განაცხადა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ.

წყარო