დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციის წევრები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ

11
spot_img

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციის წევრები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მათ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ მოწყობილი ინფრასტრუქტურა ადგილზე დაათვალიერეს.

„საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა საოკუპაციო ხაზთან საკუთარი თვალით იხილეს რუსული ოკუპაციის შედეგები – უკანონო ინფრასტრუქტურა, ჩაკეტილი გადასასვლელები და ხელოვნური ბარიერები. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ჩამოსული ყველა სტუმარი, ყველა პარტნიორი ესტუმროს საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნოს თუ როგორია რუსული ოკუპაციის სასტიკი სახე და სად გადის ევროპული უსაფრთხოების წინა ხაზი. დღეს აქ ნანახი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ოკუპანტ სახელმწიფოზე ზეწოლის გაზრდის მიზნით, აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის გაძლიერება, რათა საქართველოს რეგიონების დეოკუპაცია მოხდეს და რუსეთმა საერთაშორისო სამართლით ნაკისრ ვალდებულებებს პატივი სცეს“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

უწყების ცნობითვე, კანონმდებლები საქართველოში ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფებიან, რომელიც ქართული მხარის ინიციატივით პირველად გაიმართა.