მე ვარ მზად ყველაფრისთვის, რასაც გადაწყვეტს საზოგადოება. ჩვენი საზოგადოება თუ გადაწყვეტს, რომ სჭირდება კოალიციური მთავრობა, მაშინ ჩვენ მზად ვიქნებით კოალიციური მთავრობისთვის. თუ ჩვენი საზოგადოება გადაწყვეტს, რომ მას არ სურს კოალიციური მთავრობა და ურჩევნია, რომ „ქართული ოცნება“ იყოს ერთპიროვნულად ხელისუფლებაში, ამისთვისაც მზად ვართ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი მდგომარეობიდან და გადმოსახედიდან, ქართული საზოგადოება ისევ გადაწყვეტს, რომ „ქართული ოცნება“ ერთპიროვნულად იყოს ხელისუფლებაში, თუმცა ეს ყველაფერი არის ამომრჩევლის გადასაწყვეტი.
„როგორც ჩვენი ამომრჩეველი გადაწყვეტს, ისე მოვიქცევით ჩვენ, რადგან ჩვენ პატივს ვცემთ ამომრჩეველს. მე არ მითქვამს, რომ ჩვენ მზად ვართ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან „ლელოსთან“ კოალიცია შევქმნათ. თუ ქართველი ხალხი გადაწყვეტს, გააჩნია ვინ რამდენ პროცენტს მიიღებს და ამის შედეგად იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული, თორემ ჩვენ მიზნად გვაქვს, მივიღოთ დაახლოებით 60%-ამდე. შესაბამისად, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. დარწმუნებული ვარ, მომავალ არჩევნებს „ქართული ოცნება“ მოიგებს ისე, რომ მას არ დასჭირდება კოალიციური პარტნიორი, ხოლო 2028 წელს და შემდგომ წლებში რა იქნება, ამას ვნახავთ“, – განაცხადა სამხარაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ევრაქტივთან“ (EURACTIV) ინტერვიუში განაცხადა: „იქნებ დროა, საქართველომ კოალიციური მთავრობა გამოსცადოს“.