“არ სჭირდება „ქართულ ოცნებას“ ვინმესთან კოალიცია” – ირაკლი ზარქუა

13
spot_img

რასაც ქალბატონი სალომე აკეთებს, ამით კიდევ უფრო მეტად დამტკიცდა, რომ ის არის რადიკალების პრეზიდენტი; პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციას არღვევს, ჩვენთვის მიუღებელია და, მათ შორის, დაამტკიცა საკონსტიტუციო სასამართლომ, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია, ამით დამთავრებულია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, მმართველ პარტიას არ სჭირდება ვინმესთან კოალიციის შექმნა.

„ჩვენი მხრიდან ის არ არის საქართველოს პრეზიდენტი, ის არის რადიკალების პრეზიდენტი. ის აგრძელებს ამ ვოიაჟს, რაც ეკუთვნის კონსტიტუციით, რომ იკითხოს, უნებართვოდ მოგზაურობს. გასაგებია, ბოლო ეტაპები აქვს თავისი მოღვაწეობის ამ პოზიციაზე და, შესაბამისად, მაქსიმალურად იყენებს, დადის კონფერენციებზე. ის ხომ ენდობა რეიტინგებს, მათ შორის „აიარაის“ და ა.შ. ხომ ნახა, რომ იმ კვლევებით „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ ჰყავს, 60%-მდე არის რეალურად ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა ისე, რომ ჯერ არც დაგვიწყია საარჩევნო კამპანია. ამ დროს გამოდიხარ და კოალიციურ მმართველობაზე საუბრობ, ეს არის პროვოკაცია. აბა, დააზუსტოს, რას გულისხმობს და ვისთან გულისხმობს კოალიციას? გვაინტერესებს, თუ ეყოფა გამბედაობა, გამოვიდეს და უთხრას ქართულ საზოგადოებას, ვის მიიჩნევს და ვის გულისხმობს კოალიციაში? არ სჭირდება „ქართულ ოცნებას“ ვინმესთან კოალიცია, უფრო მეტიც, არც არის ამ მოცემულობისთვის საჭირო კოალიციური მმართველობა, რადგან ჩვენ დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება მტკიცე ხელი, უმრავლესობა, რომელიც კიდევ უფრო მეტად მშვიდობას მოუტანს ჩვენს ქვეყანას და ამ ქარტეხილებში გაიყვანს სამშვიდობოზე ბოლომდე“, – განაცხადა ზარქუამ.

ზარქუას განცხადებით, 2024 წლის არჩევნები იქნება სამართლიანი, როგორც ყველა არჩევნები, რომელიც „ქართული ოცნების“ მმარველობის პერიოდში ჩატარებულა.

„რაც შეეხება ქალბატონი სალომეს მცდელობას, რომ კიდევ ერთხელ ჩვენი არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. ეს არა მხოლოდ მისი, არამედ ნაცების პოზიციაა, თუ ბელადი გარეთ არ არის, რატომ არის ლეგიტიმური ეს არჩევნები, მაშინ რატომ იღებ მონაწილეობას?! მცდელობა აქვთ, რომ წინასწარ განწყობები შექმნან, მიუხედავად იმისა, რომ რეფორმა ჩავატარეთ, ელექტრონული არჩევნები, დამკვირვებლები მოვიწვიეთ, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლები. ამ განწყობებს წინასწარ აღვივებენ საზოგადოებაში. ეს არჩევნები, როგორც წინა და რაც იყო ჩატარებული ჩვენი ხელისუფლების დროს, იქნება ერთ-ერთი კიდევ გამორჩეული სიმშვიდით, კვალიფიციურობით, ლეგიტიმურობით და სამართლიანობით. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი თანამშრომლობს ოპოზიციურ გარკვეულ ჯგუფებთან, აფინანსებს კიდეც. მაგალითად ხოშტარიას დღემდე, რადიკალების ერთ-ერთ ფრთას აფინანსებს, თვითონაც აღიარეს. ჩვენ ქართულ ინტერესებს ვახმოვანებთ და ქართულ ინტერესებს ვიცავთ, ღირსებით მშვიდობით გავედით ევროინტეგრაციის კიდევ უფრო მეტ საფეხურზე, ამას შევინარჩუნებთ ქართველი ხალხის ნდობით და ეს არის ჩვენი მთავარი ამოსავალი“, – განაცხადა ზარქუამ.