დაპირისპირების ბოლო დღეები გვიჩვენებს, რომ რევანშისტული ძალები ნებისმიერ მსხვერპლზე წავლენ, თვითონვე შექმნიან რა ფატალურ შედეგებს კიევის 2014 წლის „მაიდნის“ მოვლენების გამოცდილებით – პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

29
spot_img

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი რადიკალური ძალების ხელისუფლებაში დაბრუნება ნიშნავს მასშტაბურ რეპრესიებს და საქართველოს, როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოების განადგურებას!  -ნათქვამია პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ პოლიტიკური საბჭოს  მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც „ჯორჯიან თაიმსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„საქართველოში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. ვითარების დესტაბილიზაციისათვის საბაბად იყენებენ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“, რომელსაც სრულიად უსაფუძვლოდ „რუსული კანონი“ შეარქვეს.

„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას ყველაფერი შეიძლება დასწამო, გარდა „რუსული“ კანონის ინიციირებისა, თანაც ასეთ მწვავე ვითარებაში!

რუსული ანალოგისაგან განსხვავებით, „ოცნების“ ამ კანონპროექტის მოქმედება, ჯერ ერთი, არ ვრცელდება ფიზიკურ პირებზე, და მეორეც, არ ითვალისწინებს სისხლის სამართლებლივ პასუხისმგებლობას.

ამასთან, კანონი შეზღუდავს არა მხოლოდ ევროპული ან ამერიკული ფულის, არამედ თუნდაც რუსული ფულის უკანონო შემოდინებასაც, რასაც მივესალმებით!

კანონპროექტი დროული და მეტად აქტუალურია ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისათვის, რადგანაც მიღების შემთხვევაში ის შეაფერხებს უცხოეთიდან უკანონოდ შემოსული დიდძალი ფინანსური სახსრების  ძალადობრივი, ანტიკონსტიტუციური გადატრიალებისათვის გამოყენებას.

პროდასავლური, ლიბერალური, ანტიქართული პოლიტიკური ძალები და მრავალრიცხოვანი არასამთავრობო ორგანიზაციები სწორედ ამიტომაც მიდიან პროვოკაციაზე, ცოცხალ ფარად იყენებენ რა სტუდენტ ახალგაზრდობას და მოზარდ თაობას, მათ გულრწფელობას, ნებსით თუ უნებლიედ რომ გახდნენ დესტრუქციული პროპაგანდის მძევალნი!

პარტია „სოლიდარობა მშიდობისთვის“ კატეგორიულად გმობს მცირეწლოვანთა მიზანმიმართულ ჩართვას პოლიტიკურ პროცესებში, მათი პირით განცხადებების დეკლარირებას, პოლიტიკური მიზნებისათვის ბავშვების უნამუსო გამოყენებას!

დაპირისპირების ბოლო დღეები გვიჩვენებს, რომ რევანშისტული ძალები ნებისმიერ მსხვერპლზე წავლენ, თვითონვე შექმნიან რა ფატალურ შედეგებს კიევის 2014 წლის „მაიდნის“ მოვლენების გამოცდილებით.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და მისი სატელიტი რადიკალური ძალების ხელისუფლებაში დაბრუნება ნიშნავს მასშტაბურ რეპრესიებს და საქართველოს, როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოების განადგურებას!

პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ მიმართავს საქართველოს მოსახლეობას, ქართველ ხალხს, გაერთიანდნენ პროფაშისტური რევანშის საფრთხის წინააღმდეგ, რათა გადავარჩინოთ  ათასწლოვანი კულტურა, მართლმადიდებლური რწმენა, ტრადიციები და თვით ქართული იდენტობა, რომელიც თავის თავში უნიკალურ მრავალეროვნულობასა და რელიგიურ შემწყნარებლობას გულისხმობს!

„სოლიდარობა მშვიდობისთვის“ გამოთქვამს რწმენას, რომ საპარლამენტო უმრავლესობა უზრუნველჰყოფს „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონის მესამე მოსმენით მიღებას.

„სოლიდარობა მშვიდობისთვის“ გამოთქვამს რწმენას, რომ სამართალდამცავი ორგანოები გააგრძელებენ კანონის შესაბამისად მოქმედებას და მტკიცედ დაიცავენ მშვიდობას საზოგადოებაში და კონსტიტუციურ წესრიგს ქვეყანაში”-ნათქვამია განცხადებაში