დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილეს, ალექსანდრე ლომთათიძეს ხვალ საქართველოში ჩამოასვენებენ. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ალექსანდრე ლომთათიძის ღვაწლზე ისაუბრა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ლომთათიძის საფლავის მოძიებაში შეტანილი წვლილისთვის უზბეკეთში საქართველოს ელჩს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა.
„რამდენიმე წელი მიმდინარეობდა მუშაობა, რომ საქართველოში გადმოგვესვენებინა დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძე. ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც უპირველეს ყოვლისა, იყო პირველი პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მაშინდელი თავმჯდომარე – ნიკოლოზ, კარლო ჩხეიძე არჩეულ იქნა თავმჯდომარედ დაუსწრებლად. ვინაიდან საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ასე ვთქვათ, დიპლომატიური მისიით იმყოფებოდა ევროპაში და მაშინდელი თავმჯდომარე დაბრუნდა 1920 წლის ბოლოს, იმ პერიოდში ფაქტობრივად ალექსანდრე ლომთათიძე ხელმძღვანელობდა პარლამენტს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, როდესაც საქართველოს მთავრობის დიდმა ნაწილმა დატოვა საქართველო, ის დარჩა საქართველოში, მათ შორის ჩართული იყო ანტისაოკუპაციო მოძრაობებში, რის გამოც 1921 წელსვე დააკავეს. შემდეგ გადაასახლეს, ჯერ მარიის რესპუბლიკაში, შემდეგ ჩუაშეთში იყო, ბოლოს, 1924 წელს უზბეკეთში, ტაშკენტში გარდაიცვალა ციხეში. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო უზბეკეთში საქართველოს ელჩს, ზურაბ აბდუშელიშვილს, რომელმაც შეძლო და მოიძია მისი საფლავი ტაშკენტში, ქრისტიანულ სასაფლაოზე. სრულად უზრუნველყო, შესაბამისი დოკუმენტაცია, ნებართვები გაცემულიყო. იყო გადმოსვენების ინიციატორიც. ამიტომ, მინდა, მას და საგარეო საქმეთა სამინისტროს ამისთვის მადლობა გადავუხადო. განსაკუთრებით მინდა, მადლობა გადავუხადო გია ვოლსკის, რომელიც პარლამენტის მხრიდან ამ საკითხის თანაორგანიზატორი, თანაინიციატორი და ასე ვთქვათ, განმახორციელებელი იყო. საკითხი რამდენიმე ხნის წინ იყო გარკვეული, თუმცა პანდემიამ შეაჩერა გადმოსვენების პროცესი. დღეს არის ალექსანდრე ლომთათიძის დაბადების დღე და ხვალ, დამოუკიდებლობის დღეს მოხდება მისი გადმოსვენება. შემდეგ დაასვენებენ სამების ტაძარში და 28 მაისს, 12:00 საათზე იქნება პანაშვიდი, რის შემდეგაც დიდუბის სასაფლაოზე გადავასვენებთ. ალექსანდრე ლომთათიძე მისი შვილის გვერდით შესაბამისი პატივით დასაფლავდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.