“დაიწყო ჩვენი შემზადება სტატუსზე უარისთვის – არ გამოვა არავისზე გადაბრალება” – ნიკა გვარამია “ოცნებას”

109
spot_img

არ გამოვა არავისზე გადაბრალება, რამდენსაც არ უნდა გეხმარებოდნენ გაუგებარი მავნებლური და „ოცნების“ პროპაგანდაზე უცნაურად და ზოგჯერ საეჭვოდაც წყლის დამსხმელი განცხადებებით ზოგიერთი უმწიფარი ოპოზიციონერი და არასამთავრობო სექტორის ზოგიერთი უმწიფარი წარმომადგენელი, – ასე ეხმაურება „მთავარი არხის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

გვარამია „ფეისბუქზე“ წერს:

„დაიწყო „ქართული ოცნების“ პროპაგანდამ ჩვენი შემზადება ევროკავშირის სტატუსზე უარისთვის. სულ ტყუილად: არ გამოვა არავისზე გადაბრალება, რამდენსაც არ უნდა გეხმარებოდნენ გაუგებარი მავნებლური და „ოცნების“ პროპაგანდაზე უცნაურად და ზოგჯერ საეჭვოდაც წყლის დამსხმელი განცხადებებით ზოგიერთი უმწიფარი ოპოზიციონერი და არასამთავრობო სექტორის ზოგიერთი უმწიფარი წარმომადგენელი.

არ გამოვა გადაბრალება, იმიტომ, რომ თუ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, მხოლოდ იმიტომ, რომ „ოცნება“ გამალებით საბოტირებს პროცესს და ზემოხსენებული ზოგიერთის „მაინც“ და თვალის ჩაპაჭუნება ფეხებზე ჰკიდია იქ ყველას და მხოლოდ აღიზიანებს.

საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესი თუ უკარნახებთ, მოგვცემენ. ქვეყანაში, სადაც დემოკრატია დანგრეულია და ევრორეკომენდაციების 2/3 შეგნებულად არათუ არ სრულდება, არამედ მიზანმიმართულად უარესდება, ვერავითარი სხვა მოტივაცია ბუნებაში ვერ იარსებებს: ვერც სოციოლოგია, ვერც ქართული პოლიფონია, ვერც ვეფხისტყაოსანი და ვერც სალომე ზურაბიშვილის ტურნეები“, – წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ განაცხადა, რომ ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს საქართველოს სტატუსი. როგორც სამნიძემ აღნიშნა, ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, შეწყვიტონ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების დამაზიანებელი გზავნილების გავრცელება.

ხათუნა სამნიძის ამ განცხადების საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, ირაკლი კობახიძემ, მამუკა მდინარაძემ და კახა კალაძემ განაცხადეს, რომ პირები, ვისაც სამნიძე ევროსტრუქტურებში კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ლობირებაში საკუთარ განცხადებაში გულისხმობდა, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და ნიკა გვარამია არიან.