დაიწყება თუ არა პუტინის განკარგულების შემდეგ საპროტესტო აქციები საქართველოში – ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან

604
spot_img

პუტინის განკარგულება, – რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან და პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, უკვე მეორე დღეა, ხელისუფლებასა და ოპოზიციაში, დიდი განსჯის საკითხია.

განკარგულების მიხედვით, რომელიც პუტინმა გუშინ გამოსცა, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება.

რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება, სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტპორტალზე გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიაზე შესვლას პასპორტით შეძლებენ. გამონაკლისი ვრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთში სამუშაო მიზნით ჩადიან ან 90 დღეზე მეტი ვადით გეგმავენ დარჩენას.

რაც შეეხება პუტინის მეორე გადაწყვეტილებას, რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, უქმდება 2019 წლის 21 ივნისის განკარგულება „რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის, დანაშაულებრივი და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისგან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების დაცვის ცალკეული ზომების შესახებ“, რომელიც, რუსეთმა ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების ფონზე, 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ხელისუფლება ერთპიროვნულად აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება, როგორც ქვეყნებს შორის სავიზო ჩაკეტვაზე, ისე -გახსნაზე, რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან იყო მიღებული მასში მმართველი გუნდი ვერ ჩაერეოდა.

სრულიად განსხვავებული პოზიცია აქვს ოპოზიციას. ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ პირდაპირ ფრენებზე და რუსეთთან სავიზო რეჟიმის აღდგენაზე უარი თქვან.

გადაწყვეტილების გამოსვლისთანავე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამ ფაქტს “მორიგი რუსული პროვოკაცია” უწოდა. „არ გვჭირდება საჩუქრები რუსეთიდან – საქართველოს ღირსების დაცვაა, რომ ახლა არ დავიწყოთ რაღაც ახალი ურთიერთობა, რომელიც ყველაფერს გაგვირთულებს“, – განაცხადა მან.

სასარგებლოა თუ საზიანო ეს განკარგულება საქართველოსთვის? – რა შედეგები მოჰყვება რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნისთვის ვიზის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას და როგორ აისახება ის ქვეყნის კეთილდღეობაზე? –  „ჯორჯიან თაიმსი“ ექსპერტს პოლიტიკის საკითხებში, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

– რამდენად დროული და მოსალოდნელი იყო რუსეთის ფედერაციის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან და პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით?

– ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი ნამდვილად არ იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ლავროვმა რამდენჯერმე ანალოგიური შინაარსის განცხადებები არაერთხელ გააკეთა, რაც ნიშნავს, რომ ეს მოსაზრება კრემლში ბოლო პერიოდში სულ ტრიალებდა. რატომ გაკეთდა ეს დღეს და პუტინის დონეზე? სხვათა შორის, დღეს გამოქვეყნდა გავრილოვის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა საქართველოს დაუფასა ომში არმონაწილეობის ფაქტიო. შეგახსენებთ, რომ ეს ის გავრილოვია, რომელიც, ე.წ. „გავრილოვის ღამის“ საკითხში, ოპოზიციის აფორიაქების კუთხით, ბოლომდე გარკვეული არ არის. ასევე, ეს ის გავრილოვია, რომელიც ელენე ხოშტარიას სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო. ასე, რომ თუნდაც ეს მონაცემები, მის სიტყვას უკვე ეჭვქვეშ აყენებს. ზოგადად. მოლოდინს რაც შეეხება, ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ეს მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა.

– რომ შეაფასოთ, – რას ნიშნავს პოლიტიკურ ჭრილში პუტინის გადაწყვეტილება და რა შედეგებს უნდა ელოდეს ჩვენი ქვეყანა ამით? არის თუ არა ეს, როგორც ოპოზიცია აფასებს, საქართველოსთვის „მადლიერების გამოხატვის“ ფაქტი რუსეთის მხრიდან?

– ამ განკარგულებას, რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის „მადლიერების გამოხატვას“ მე ნამდვილად ვერ დავარქმევდი. ეს არასწორია. სხვათა შორის, ამას პირველად არ აკეთებს რუსეთი. ეს უფროა არის ნაბიჯი, გადადგმული იქითკენ, რომ ხელი შეეშალოს საქართველოსა და ევროპის დაახლოებას. თუკი რუსეთი თვალსაჩინოს გახდის იმ ფაქტს, თუ როგორ უყვარს საქართველო და ასევე, შექმნის იმ ფასადურ ფონს, რომ საქართველოსაც ასევე უყვარს რუსეთი, ამან შეიძლება მოამწიფოს აზრი, რომ ევროპაშიც და ამერიკაშიც, საქართველო მართლაც რუსეთზე ორიენტირებული ქვეყანაა. აღნიშნული ფაქტი სწორედ ამ მოსაზრებების წისქვილზე ასხამს წყალს.

აქ კიდევ ერთი მხარეა. თუნდაც ის ფაქტორი, რომ ომში მონაწილეობა, პრაქტიკულად, მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ მიუღია, რატომ არ გადადგა რუსეთმა იგივე ნაბიჯები ამ ქვეყნების მისამართით? ეს ცალსახად, ძალიან საეჭვო და საგულისხმო ფაქტორია.

– ოპოზიცია ამბობს, რომ პუტინის განკარგულება „ხელისუფლებისთვის საჩუქარია“, – მათი კეთილგანწყობის საპასუხოდ მიღებული. ისინი მკაცრად აკრიტიკებენ ამ გადაწყვეტილებას და აცხადებენ, – ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველო ქართველების გარეშე არ დარჩეს. როგორ შეაფასებთ ოპოზიციის ამ პოზიციას?

– ოპოზიცია, ამ სიტუაციას თავისთავად, სათავისოდ გამოიყენებს. არ გამოვრიცხავ, რომ მოხდეს ოპოზიციის ქუჩაში გამოსვლა, საპროტესტო აქციების მოწყობა და ხალხის დარაზმვა იმისკენ, რომ მთავრობა რუსეთთან დაახლოებულია და ეს ყველაფერი ამიტომაც მივიღეთ. რეალურად კი, რუსეთზე ორიენტაციის გარეშე, საქართველოზე გაივლის უდიდესი სატრანზიტო მარშრუტები და ქვეყანაში მილიარდები შემოვა. რუსეთზე ორიენტაციის შემთხვევაში კი, საერთოდ არაფერი არ შემოვა. ეს განცხადებები კეთდება იმისათვის, რომ საზოგადოებას შეექმნას აზრი, ვითომ ქვეყანა რუსეთისკენ მიილტვის და ეს უნდა გავაპროტესტოთ, რაც თავისთავად არასწორია.

– მმართველი გუნდის პასუხი ერთია – „სანქციების დაწესებაც და მოხსნაც არის რუსეთის საკითხი და ჩვენ რაიმე გავლენა ვერ გვექნებოდაო“. რამდენად მართებულია მათი პოზიცია?

– ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ ის თვითმფრინავები, რომლებიც სანქცირებულია ევროპის მიერ, საქართველოში ვერ შემოვაო. როგორც ჩანს, ევროპული სანქციების გატარებას აპირებს ქართული მხარე, ვინაიდან, სანქციებზე პასუხისმგებელი ეკონომიკის სამინისტროა. ხოლო ის ფაქტი, ექნება თუ არა საქართველოს რუსეთთან სავიზო რეჟიმი, მართლა არ არის საქართველოს პოლიტიკის ნაწილი. ხოლო, თუ ევროპულ სანქციებს საქართველო შეუერთდება, ეს უკვე იქნება ნიშანი იმისა, რომ საქართველო ევროპულ პოლიტიკას იცავს. თუკი, კიდევ რაიმე შეცდომა არ დაუშვა მმართველმა გუნდმა. (მოგეხსენებათ, მათ შეცდომების დაშვება უყვართ).

– „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განმარტებით, „რუსეთის ეს ნაბიჯი გადადგმულია იმ დროს და იმ ფორმით, რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას“. რეალურად, რამდენად შეუშლის ეს გადაწყვეტილება ხელს ქვეყნისთვის, აღნიშნული სტატუსის მიღებაში?

– ევროკავშირის სტატუსის მიღებას რაც შეეხება, – მაშინ, როცა სტატუსი არ მოგვცეს, მაშინვე იყო საუბარი იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაგვაშოროს ევროპასო. ახლა უკვე ვხედავთ, რომ თავქუდმოგლეჯილი დარბის „ოცნება“ ევროპის ქალაქებში იმისათვის, რომ ქვეყანამ ეს სტატუსი მიიღოს. ფაქტობრივად, ევროპული მხარე ლაპარაკობს სტატუსზე ისეთნაირად, რომ მას აუცილებლად მოგვცემენ. მაშინ რატომ ვაბრალებთ მათ სტატუსის მიღების ჩაშლის მცდელობას? ეს თავისთავად, ტყუილი გამოდის.

– თქვენი აზრით, როგორი პოლიტიკური სურათი შეიძლება ვიხილოთ ამ გადაწყვეტილების მიღების ამოქმედების შემდეგ?

– ლაპარაკი იმაზე, რომ რუსები დიდი რაოდენობით შემოვლენ ქვეყანაში, არ მიმაჩნია მართებულად. ისინი ისედაც შემოდიოდნენ და გადიოდნენ. ბოლო პერიოდში, პირიქით, მათი გადინება უფრო შეიმჩნევა. ასე რომ, ვფიქრობ, ამ მხრივ, არაფერი დრამატული არ მოხდება, თუკი ოპოზიციამ, ხალხის ამ მხრივ გულუბრყვილობა თავის სასიკეთოდ არ გამოიყენა და ისინი ქუჩაში არ გამოიყვანა.

/თამუნა დუღაშვილი/