დაღესტანში შეიარაღებული პირების თავდასხმების შედეგად დაღუპულ სამართალდამცველთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა

23
spot_img

დაღესტანში შეიარაღებული პირების მიერ კოორდინირებული თავდასხმების შედეგად დაღუპულ სამართალდამცველთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა.

დაიღუპა რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქეც, მათ შორის ერთი სასულიერო პირი.

„დღევანდელი ტერაქტის მსხვერპლი 15-ზე მეტი პოლიციელი გახდა, რომლებიც იარაღით ხელში იცავდნენ დაღესტნის სიმშვიდეს“, – განაცხადა დაღესტნის რესპუბლიკის მეთაურმა, სერგეი მელიკოვმა.

მელიკოვმა აღნიშნა, რომ დაღესტანში სიტუაციას სამთავრობო უწყებები და სამართალდამცავები აკონტროლებენ.

ამასთან, დაღესტნის რესპუბლიკის მეთაურის განცხადებით, ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე თავდასხმებში მონაწილე ყველა პირს არ გამოავლენენ.

როგორც დაღესტნის რესპუბლიკის მეთაური განმარტავს, ექვსი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

დაღესტანში 24, 25 და 26 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

შეგახსენებთ, თავდასხმა ქალაქ დერბენტში მდებარე ეკლესიასა და სინაგოგაში განხორციელდა, ასევე ქალაქ მახაჩყალაში მდებარე სინაგოგასა და საგზაო პოლიციის განყოფილებაზე. ქალაქები ერთმანეთისგან დაახლოებით 120 კილომეტრითაა დაშორებული.

ეჭვმიტანილები ავტომობილით მიიმალნენ. დაღესტნის საგამოძიებო კომიტეტის დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საქმე „ტერორისტული თავდასხმის“ მუხლით აღძრა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაღესტნის სერგოკალინსკის რაიონის ხელმძღვანელი მაგომედ ომაროვი ქალაქ მახაჩყალასა და დერბენტში განხორციელებულ თავდასხმაში მისი ვაჟების შესაძლო მონაწილეობის გამო დააკავეს და დაკითხვაზე გადაიყვანეს.