“დადასტურდა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებული მთელი კამპანია ორკესტრირებული და დაფინანსებული იყო”-შალვა პაპუაშვილი

155
spot_img

წარმოიდგინეთ, რა ლობიზმი, რა დაფინანსებული კამპანიები მიმდინარეობს დღეს საქართველოში, ჩვენ ამის შესახებ წარმოდგენაც არ გვაქვს, რადგან განსხვავებით ამერიკისგან, სამწუხაროდ, ჩვენთან ეს ე.წ. რუსული კანონი არ გვაქვს და გამჭვირვალობა არ არის უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებით დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული კამპანია იყო ორკესტრირებული და დაფინანსებული.

„საერთო ჯამში, დადასტურდა, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული მთელი ეს კამპანია, ხან „ფრი მიშას“ ლოზუნგით, ხან ჰუმანიტარულად სადმე გადაყვანის ლოზუნგით, ხან წამებაზე, ხან მოწამვლაზე, იყო ორკესტრირებული და დაფინანსებული კამპანია. ჩვენ ვნახეთ ყველაზე მახინჯი სახე იმისა, რასაც შეიძლება, ეწოდოს პოლიტიკა, როდესაც შეიძლება მოისყიდო მედია, პოლიტიკოსები, მათ ათქმევინო ის, რაც გჭირდება, გაავრცელო დეზინფორმაცია და ფაქტობრივად, ამ დოკუმენტებს რომ გაეცნობით, ნახავდით, სია არის ჩამოწერილი აქტივობების. თუკი არსებობს სადმე წიგნი ჰიბრიდული ინსტრუმენტების შესახებ, ყველა ეს მეთოდი შიგნით იქნება ჩამოწერილი. ჩვენ ვნახეთ შეკვეთილი სტატიები, ვნახეთ, რომ რეზოლუციები, რომლებზეც გვეუბნებოდნენ, რომ ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მიმართ განსაკუთრებული სიმპათიით განწყობილი ზოგიერთი ევროპარლამენტარის იდეა, ევროპის შუაგულში წარმოშობილი და განვითარებული იდეები, აღმოჩნდა, რომ ამერიკიდან ლობისტები წერდნენ ამ რეზოლუციის პროექტებს. ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ მუდმივი კომუნიკაცია არსებობდა ლობისტებსა და ევროპარლამენტარებს შორის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია იმის წყალობით გახდა ცნობილი, რომ აშშ-ში მოქმედებს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი, რომელსაც საქართველოში „რუსული კანონი“ დაუძახეს.

„ეს მხოლოდ ერთადერთი რამის გამო გახდა ცხადი ჩვენთვის. იმიტომ, რომ ამერიკაში არსებობს ის კანონი, რომელიც, სამწუხაროდ, აქ სხვანაირად გადმოგვითარგმნეს ქართულ საზოგადოებას და დაუძახეს რუსული კანონი. ამერიკაში მოქმედებს რუსული კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ამ პროცესის გამჭვირვალობას. რომ არა ეს რეესტრი, რომელიც ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტში არსებობს, ვერავინ გაიგებდა, რომ ის რეზოლუცია თურმე ყოფილა ლობისტების დაწერილი, ვერავინ გაიგებდა, რომ ის სტატიები ყოფილა თურმე შეკვეთილი, ვერავინ გაიგებდა ამ ყველაფერს. თქვენ წარმოიდგინეთ, რა ლობიზმი მიმდინარეობს დღეს საქართველოში, რა დაფინანსებული კამპანიები მიმდინარეობს და ჩვენ ამის შესახებ წარმოდგენაც არ გვაქვს იმიტომ, რომ განსხვავებით ამერიკისგან, სამწუხაროდ, ჩვენთან ეს ე.წ. რუსული კანონი არ გვაქვს და გამჭვირვალობა არ არის უზრუნველყოფილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.