დაამთხვიეს პრემიერის გამოსვლას განხილვა,შემდეგ ვიღაცას პრეტენზია გაუჩნდება, რომ ჩვენთან დემოკრატია არის და თქვენთან არაო – ირაკლი ზარქუა სენატში დაგეგმილ განხილვაზე

2
spot_img

დაამთხვიეს პრემიერის გამოსვლას მაინცდამაინც განხილვა, როგორ დაუწესონ ამ ქვეყანას სანქცია, ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას სანქცია, ამაზე ვსაუბრობთ. შემდეგ ვიღაცას პრეტენზია გაუჩნდება, რომ ჩვენთან დემოკრატია არის და თქვენთან არაო. ეს ორმაგი სტანდარტი გაუგონარია, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ

ის სენატში დაგეგმილი ორპარტიული აქტის მოსმენას გამოეხმაურა, რომელიც გაეროში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლას ემთხვევა.

„ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია როგორც ევროპარლამენტში, ისე სენატში განცხადებები, რეზოლუციები. განსაკუთრებით, როდესაც კანდიდატის სტატუსის მოლოდინში ვიყავით და მთავრობა და საზოგადოება ვიყავით აქცენტირებული, რომ ის 12 პუნქტიანი გეგმა შეგვესრულებინა. და რა მოგვცეს?! გახსოვთ თქვენ პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად ევროპამ, ჩვენმა მეგობრებმა უარი გვითხრეს კანდიდატის სტატუსზე. სამაგიეროდ, მოლდოვა, რომელიც არის დღემდე დსთ-ს წევრი და მეორე უკრაინა, რომელიც ცეცხლის ალშია გახვეული, კორუფციაა, ნეპოტიზმი და ეს ორი სახელმწიფო ჩვენზე წინ დააყენეს. მაშინ ყველამ ვთქვით, რომ ეს არ იყო სამართლიანი და არის გაუგებარი ეს გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევასრულეთ ის 12 პუნქტიანი გეგმა.

მაშინაც გვახსოვს მათი რეზოლუციები სენატიდან, მათი რეზოლუციები ევროპარლამენტიდან. კუბილიუსის მუქარები არ გახსოვთ?! ფოტიგების, რაისების, ასევე შაჰინის და რიში და ვინც არიან „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები წლების განმავლობაში. აქ რომ ბობოქრობდნენ, ესენი იყვნენ მათი სატელიტი. სადმე გსმენიათ ან სანქცირებაზე, ან გსმენიათ იქიდან გაფრთხილებაზე, რომ ადამიანის უფლებებს რატომ არღვევთ?! არა, იმიტომ, რომ მათი აგენტურა იყო წარმოდგენილი საქართველოს ხელისუფლებაში და აკეთებდნენ იმას, რასაც იქიდან უკვეთავდნენ. დანარჩენი, შიგნით ვის დაახრჩობდნენ, ბიზნესს როგორ აწამებდნენ, ციხეებში როგორ უბედურებებს სჩადიოდნენ, ეს არ აინტერესებდათ. ამიტომაც ერთი რეზოლუცია არ არსებობს 2012 წლამდე ნაცმოძრაობის შესახებ, რომ გაფრთხილება მაინც მიეღო.

და ახლა თქვენ გგონიათ, ასეთი ადამიანები ობიექტურები იქნებიან?! არა. ისინი ისევ ჯიუტად ცდილობენ, რომ აქ რევოლუცია განახორციელონ, მორიგი ეტაპი, მორიგ ჯერზე. ერთი, ორი, სამი ჩაუვარდათ და შემდეგი მცდელობა აქვთ. სწორედ ეს არის, რომ დაამთხვიეს პრემიერის გამოსვლას მაინცდამაინც განხილვა, როგორ დაუწესონ ამ ქვეყანას სანქცია, ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას სანქცია, ამაზე ვსაუბრობთ. შემდეგ ვიღაცას პრეტენზია გაუჩნდება, რომ ჩვენთან დემოკრატია არისო და თქვენთან არაო. ეს ორმაგი სტანდარტი გაუგონარია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.