დააკავეს პირი, რომელიც კრიმინალური ავტორიტეტის სახელით მოქალაქეებს ფულს სძალავდა

44
spot_img

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ტ. გ. დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა დროს, საზღვარგარეთ მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით მოქალაქეებს უკავშირდებოდა და მათ სიცოცხლის მოსპობის, ასევე, ქონების განადგურების მუქარით, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, 100 000 დოლარს სთხოვდა.

პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ტ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს მობილური ტელეფონი და სიმ ბარათები, რომელთა საშუალებითაც ბრალდებული მოქალაქეებს თანხის გამოძალვის მიზნით უკავშირდებოდა.

დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.