,,ჩვენზე კიდევ უფრო კარგად იციან ბიძინა ივანიშვილის მნიშვნელობა” – მდინარაძე

20
spot_img

რეალობა ესაა, ჩვენზე კიდევ უფრო კარგად იციან ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, როგორ არის ყველაფრის უზრუნველმყოფი და მისი არ ყოფნის შემთხვევაში, როგორ გაუადვილდებოდათ მათ საქართველოს ხელისუფლების დამხობაც, ვითარების არევა და დავალების შესრულებაც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „იმედის კვირას“ განუცხადა.

მან ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

„ბიძინა ივანიშვილი არის მთავარი მსაზღვრელი და ფაქტორი მშვიდობის, განვითარებისა და კეთილდღეობის. იმიტომ არა, რომ შესაძლოა, მე და „ქართული ოცნების“ თითოეული წარმომადგენელი, ძალიან სუბიექტური ვიყოთ ამ ადამიანის მიმართ, მაგრამ რეალობა ესაა, ჩვენზე კიდევ უფრო კარგად იციან ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, როგორ არის ამ ყველაფრის უზრუნველმყოფი და მისი არ ყოფნის შემთხვევაში, როგორ გაუადვილდებოდათ მათ საქართველოს ხელისუფლების დამხობაც, ვითარების არევა და დავალების შესრულებაც, რომ ეს ქვეყანა მეორე ფრონტი გამხდარიყო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

იგი საუბრისას სუს-ში ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასაც შეეხეო.

„დაკითხვიდან რომ გამოხვედი, რა გკითხეს ხომ იცი და ერთ მუხლს რომ მიმალავ, შემდეგ რომ იმართლებ თავს ჟურნალისტების მეშვეობით, რომ „გრიფით საიდუმლო“ იყო, ტერორიზმის მუხლი იყო და გაუთქმელობა ჰქონდათ და შეთქმულების შესახებ გრიფით საიდუმლო არ იყო?! რა კითხვები დაგისვეს, ამას რომ მალავ, და მაინც და მაინც მხოლოდ შეთქმულებაზე ლაპარაკობ, ტერორიზმს არ ახსენებ, მით უმეტეს – ბიძინა ივანიშვილს, სანამ ვიღაცას არ წამოსცდება, არ ახსენებ, ე.ი. რაღაცაშია საქმე. რა ინტერესი უნდა იყოს? აქ იყო დიდი ლუსტრაცია მათი მედია საშუალებების, პოლიტიკოსების აგენტურული ქსელიდან – პირდაპირ რომ ვთქვათ, გლობალური ომის პარტიის აგენტების“, – განაცხადა მდინარაძემ.

საქმე გრიფირებულია, რის გამოც კონკრეტული დეტალები არ საჯაროვდება, თუმცა, სუსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.