ჩვენთვის სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად არის საქართველოს პრეზიდენტი. სინამდვილეში, ის არის „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი, დღესაც ვნახეთ სატელევიზიო ჩართვის დროს, რა არის მისი სულისკვეთება და როგორია მისი გზავნილები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი მიდის სააგიტაციოდ ევროპაში კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ.
„როდესაც ჩადიხარ ევროპაში, შენს კოლეგებს ესაუბრები იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს ევროინტეგრაცია, ეს ნიშნავს, სტატუსის წინააღმდეგ აგიტაციას. როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი გაუშვა ევროპაში, როდესაც შენ გინდა რომ დღე-დღეზე მიიღო კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა ის არ არის ევროპაში გასაშვები ასეთი გზავნილების ფონზე. კიდევ ერთი მტკიცებულება შემოგვთავაზა მან დღეს, როდესაც უცხოურ ტელევიზიაში გააჟღერა მორიგი გზავნილი იმის შესახებ, რომ ეჭვები აქვს ხელისუფლების ევროპული სულისკვეთების თაობაზე. ერთი წელი აქვს სალომე ზურაბიშვილს დარჩენილი, ის აღარ არის აქტუალური. ერთ წელიწადში გაუვა უფლებამოსილების ვადა, ვერც ქვეყანას დააქცევს. საბოლოოდ, ის ვერ მოახერხებს ვერც კანდიდატის სტატუსის მიღების აღკვეთას. ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ დეკემბერში მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. ადრე ვამბობდით, რომ 50-50-ზე იყო, თუმცა ეს შანსები თვისებრივად არის გაუმჯობესებული, ზურაბიშვილი ვერ შეუშლის ხელს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას“, – განაცხადა კობახიძემ