პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე „ქრონიკაში” გამოეხმაურა ბალტიისპირეთის ქვეყნების ინტერესებსა და მათი წარმომადგენლობის ემოციურ მიმართვებს, რომლებიც უცხოელმა სტუმრებმა საქართველოში გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციაზე გააჟღერეს. დეპუტატი განმარტავს, რომ რეგიონში რთული სიტუაციაა და აქედან გამომდინარე, ახლა ყველას საკუთარი ინტერესი აქვს და არც ბალტიისპირეთის ქვეყნებია გამონაკლისი.
„დღეს ფიქრობენ უკვე ამ კონფლიქტის დივერსიფიცირებას ანუ ეს კონფლიქტი სადღაც უნდა გადავიდეს. ამის მცდელობა თავიდანაც იყო.“-ამბობს ხუნდაძე და განმარტავს თუ რატომ არის ზეწოლა ხელისუფლებაზე. დეპუტატი განმარტავს იმასაც, რომ ახლა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ მეორე ფრონტი ქვეყანაში არ გახსნა, ომის გადატანა პოლონეთში ან ბალტიისპირეთის ქვეყნებშია რეალური.
„ხვალ დამოუკიდებლობის დღეა და პოლიტიკურ მოედანზე, თბილისში, ჩემს თაობაშიც და ჩემი მშობლების თაობაშიც, არაერთი აქცია გამართულა და ყოველთვის იყო დამოუკიდებლობის მოთხოვნა და გაჟღერება, ხმამაღლა და ემოციურად. დღეს პოლიტიკური უმცირესობა ქუჩაში ითხოვს დამოკიდებულებას. კუბილიუსმა რომ თქვა მაგალითად, ან ის რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ჩამოსული პოლიტიკური თანამდებობის პირები პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდნენ მთავრობის, მმართველი გუნდის საწინააღმდეგო აქციაზე და ამას ტაშს უკრავდნენ. ბალტიისპირეთის ქვეყნების ასეთი ემოციურ წარმომადგენლობასაც თავისი შინაარსი აქვს და უსაფუძვლო არც ეს იყო. გეოპოლიტიკური ვითარება რეგიონში არის რთული რეგიონში და უკრაინაში დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირება სასურველი შედეგით ვერ მიდის, პრაქტიკულად საომარი ვითარება არის რუსეთის სასარგებლოდ, სამწუხაროდ. დღეს ფიქრობენ უკვე ამ კონფლიქტის დივერსიფიცირებას, ანუ ეს კონფლიქტი სადღაც უნდა გადავიდეს. ამის მცდელობა თავიდანაც იყო. რატომ არის ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე? იმიტომ, რომ ის არ არის მორჩილი, არ ჩაერთო სანქციებში, უკრაინაში მებრძოლები არ გააგზავნა, მეორე ფრონტი საქართველოში არ გახსნა. სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისით, როგორც ჩანს, სცენარში იყო გაწერილი საქართველო, როგორც სისხლის მეორე დამცლელი რუსეთისათვის. ბალტიისპირეთის ქვეყნები, ახლა, ამ ვითარებაში მითუმეტეს, არის შესაძლო მეორე ფრონტი, ეს არის რეალობა. ან უნდა იყოს პოლონეთი ან – ბალტიისპირეთი. ყველაზე დიდი ალბათობა არის ამის. ბალტიისპირეთის ქვეყნები საკუთარი ინტერესების დაცვით მოქმედებენ, თუკი ომი სადმე უნდა გადავიდეს, ურჩევნიათ ამიერკავკასიაში იყოს, საქართველოში, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში.“- ამბობს ხუნდაძე.