“ჩვენი ყველა ინიციატივა ქართული სახელმწიფოსა და ქართული საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს დაუკავშირდება” – ირაკლი ზარქუა

15
spot_img

ჩვენი ყველა ინიციატივა ქართული სახელმწიფოსა და ქართული საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს დაუკავშირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

კერძოდ, მან კომენტარი გააკეთა ცესკოს პროფესიული წევრებისა და თავმჯდომარის ასარჩევად განხორციელებულ ცვლილებებზე.

„ჩვენი ევროპელი პარტნიორების თხოვნით, გადავდგით ნაბიჯი, რომ პოლარიზაცია შეგვემცირებინა. თუმცა, სამწუხაროდ, ისევ იმ რადიკალიზმის გზას დადგნენ – ისევ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, ისევ ქაოსი და არეულობა. მაშინ ვთქვით, რომ მოდით, გავაუქმოთ, ეს არ არის კონსტიტუციური. რაც არის ევროპაში მიღებული, სწორედ იმ ჩარჩოსა და მაგალითებს დავუბრუნდით.

შემდეგ საარჩევნო ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო და შესაბამისი სამართლებრივი არგუმენტები ვერ მოვისმინეთ, პრინციპში, მას არც ჰქონდა. ეს ვეტო გადავლახეთ და დღეს ბატონმა შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა ცვლილების შესახებ კანონპროექტს და მას კანონის ძალა მიენიჭა.

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი ყველა ინიციატივა ქართული სახელმწიფოსა და ქართული საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს დაუკავშირდება“, – განაცხადა ზარქუამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დღეს ხელი მოაწერა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს. აღნიშნული „საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს, თითქმის 3 წლის განმავლობაში, „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილი ჩიხი და აირჩიოს ცესკოს პროფესიული წევრები და თავმჯდომარე“.