“ჩვენი მთავარი მიზანია, წელს მივიღოთ გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად” – ზელენსკი

159
spot_img

ყველამ ვიცით, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება, ეს მხოლოდ დროის საკითხია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა. ზელენსკი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს გასვლით სხდომას გამოეხმაურა, რომელიც კიევში გაიმართა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა ლიდერია იმ საფუძვლების დაცვაში, რომელსაც ეყრდნობა ევროპის ერთიანობა.

„ვისაუბრეთ, კერძოდ, უკრაინის ევროკავშირში სრულ გაწევრიანებაზე. ჩვენი ინტეგრაციის მთავარი მიზანია, წელს მივიღოთ გადაწყვეტილება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. დღეს კი შეხვედრებზე და მოლაპარაკებებზე კიდევ ერთხელ გავიგე, რომ ეს სავსებით შესაძლებელია. უკრაინა აუცილებლად შეასრულებს სამუშაოს თავის ნაწილს – ევროკომისიის შვიდ რეკომენდაციას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ზელენსკის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი გამართა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან, რომელთანაც უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისა და ფერმერების მხარდაჭერის საკითხები განიხილა. უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ასევე ესაუბრა ესპანეთის პრეზიდენტს, პედრო სანჩესსაც და მადლობა გადაუხადა პოლიტიკური მხარდაჭერისთვის.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპაში ყველამ დაიცვას ევროპული ნორმები და არ დაარღვიოს შეთანხმებები. ეს არის უკრაინის მკაფიო პრინციპი და მნიშვნელოვანია, რომ იგივე პრინციპი ემყარება ევროპული პოლიტიკის ყველა აქტორის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.