ჩვენი მთავარი დევიზი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და არა სხვა ქვეყნების ინტერესების მსახურება

82
spot_img

ძალიან ბევრი მცდელობა იყო იმისა, რომ საქართველო გამოყენებული ყოფილიყო როგორც ინსტრუმენტი ცალკეული ქვეყნების წინააღმდეგ თუ სასარგებლოდ. ჩვენი მთავარი დევიზი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და არა სხვა ქვეყნების ინტერესების მსახურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გეოპოლიტიკურ კრიზისებს და მიმდინარე საფრთხეებს საქართველო თავიდან აიცილებს

„ეს არის ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი, როცა ქვეყანას არ დაუკარგავს ტერიტორიები, არ ყოფილა ომი და რაიმე სერიოზული კონფლიქტი ან გამოწვევა, რაც, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ხელისუფლების სწორი ხედვის და სწორი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ კარგად მოგვეხსენება, რომ ძალიან ბევრი მცდელობა იყო იმისა, რომ საქართველო გამოყენებული ყოფილიყო როგორც ინსტრუმენტი ცალკეული ქვეყნების წინააღმდეგ თუ სასარგებლოდ. ჩვენი მთავარი დევიზი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და არა სხვა ქვეყნების ინტერესების მსახურება. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ეს. იმიტომ, რომ ჩვენ ბოლო პერიოდი, 10 წელზე მეტია, ვაძლიერებთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და არა სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მინდა განსაკუთრებული მადლიერებით აღვნიშნო თქვენი მაღალი პროფესიონალიზმი და თქვენი პატრიოტიზმი. ეს არის ის, რაც სჭირდება ამ სამსახურს – პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი. ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ჩვენი მთავრობის სახელით .

 

მე მჯერა ამ გეოპოლიტიკურ კრიზისებს და ზოგადად, ამ მიმდინარე საფრთხეებს ჩვენი ქვეყანა თავიდან აიცილებს, ჩვენ უნდა გავიყვანოთ ჩვენი სახელმწიფო სამშვიდობოს, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები.

 

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს საქართველო განსაკუთრებული ტემპებით ვითარდება. ჩვენ დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა ვართ მთელს მსოფლიოში. ჩვენ ასევე ვავითარებთ ჩვენს ურთიერთობებს როგორც სამეზობლოში, ასევე ყველა წამყვან დიდ ეკონომიკებთან. აუცილებელია ჩვენი ინტერესების გატარება. თითოეული ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯი მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ემსახურება. ასევე ჩვენი ქვეყნის რეგიონული და საერთაშორისო როლი და მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება და ამას სჭირდება წახალისება, შენარჩუნება და კიდევ უფრო გაძლიერება. მე მჯერა ჩვენი სწორი პრაგმატული, შედეგზე გათვლილი პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა მოახერხებს მშვიდობიან დეოკუპაციას და ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას და გამთლიანებას. ამაზე უზენაესი ეროვნული ინტერესი დღეს ქვეყანაში არ არსებობს. ჩვენი მთავარი საზრუნავი, ამ სამსახურის, არის სწორედ ეს, იმ ყოველდღიურ საქმიანობასთან ერთად, რომელსაც თქვენ ახორციელებთ და ჩვენი მოქალაქეების, მთელი სახელმწიფო უწყებების და ჩვენი მოქალაქეების ინტერესი უნდა იყოს სწორედ ამ დიადი მიზნის მიღწევა. ამას რა თქმა უნდა სჭირდება წარსულში ჩადენილი ძალიან ბევრი უხეში შეცდომებისა თუ დანაშაულების გამოცდილების გათვალისწინება, გააზრება ემოციების გარეშე და თანმიმდევრულად მიყოლა ჩვენი ეროვნული პოლიტიკის. სამსახურს სჭირდება კიდევ უფრო მეტი დაფასება, მეტი დახმარება, მეტი გაძლიერება. ბატონო გრიგოლ, ჩვენი ვალდებულებაა, ჩემი ვალდებულებაა, რომ მეტი გავაკეთო თქვენთვის, იმისთვის, რომ თქვენი ყოველდღიური საქმიანობა იყოს უფრო მეტად დაცული, გაძლიერებული, დაფასებული და მე გპირდებით მომავალშიც სრულ თანადგომას. კიდევ ერთხელ ბატონო გრიგოლ, მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენი სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და გისურვოთ წარმატება და გამარჯვება”, – განაცხადა პრემიერმა.