“ჩვენი მკაფიო სახელმწიფოებრივი და კონსტიტუციური პოზიციაა, რომ არანაირი ვეტინგი არ იქნება” – რატი იონათამიშვილი

15
spot_img

ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს ჩვენი ხელისუფლება არ გამოეხმაურა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საარჩევნო უბნების გახსნას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ეს მტკნარი სიცრუეა – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მყისიერად გაავრცელა განცხადება, დაგმო ეს ფაქტი და ასევე მოუწოდა საერთაშორისო პარტნიორებს შეფასებისკენ“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

მან სიტყვით გამოსვლისას ვეტინგზეც ისაუბრა.

„ჩვენ ბოლო პერიოდში ურეიტინგო „ენჯეოების“ გარდა, ურეიტინგო პარტიებისგან აქტიურად გვესმის ვეტინგზე საუბარი, რაც შემთხვევითი არ არის. ჩვენ თავიდანვე დავაფიქსირეთ, რომ ვეტინგი ნიშნავს მართლმსაჯულების ოკუპაციას. ჩვენი მკაფიო სახელმწიფოებრივი და კონსტიტუციური პოზიციაა, რომ არანაირი ვეტინგი არ იქნება“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.