“ჩვენი კურსი გაცხადებულად დასავლურია და პროექტი, რომელიც გამჭვირვალობას ითვალისწინებს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ხელს ვერ შეუშლის”

21
spot_img

კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება, ვინაიდან ყველაფერი, რასაც საქართველოში რუსული ერქმევა, იწვევს საზოგადო აღშფოთებას, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც სამხარაძემ აღნიშნა, შემთხვევითი არ არის, რომ ხელისუფლების ოპონენტები კანონპროექტს რუსულს უწოდებენ. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დასავლური კურსი კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერითაც დასტურდება, ხოლო კანონპროექტი, რომელიც გამჭვირვალობას ითვალისწინებს, ამ კურსს ხელს ვერ შეუშლის.

„შემთხვევითი არ არის, რომ ოპონენტები ამ კანონპროექტს რუსულს უწოდებენ. არ არსებობს არანაირი მსგავსება რუსულ კანონსა და ქართულ კანონპროექტს შორის. ჩვენმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა კონსტიტუცია და ჩაწერა ახალი მუხლი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატო-ში. ჩვენი კურსი გაცხადებულად დასავლურია და პროექტი, რომელიც გამჭვირვალობას ითვალისწინებს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ხელს ვერ შეუშლის“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.