” ჩვენი კავშირი ნატო-სთან ძალიან მჭიდროა, მაგრამ დღეს ალბათ ევროკავშირის გზა უფრო ახლოს ჩანს, ამ „რბილ ომში“, რომელიც გვაქვს რუსეთთან”-პრეზიდენტი

72
spot_img

ჩვენი კავშირი ნატო-სთან ძალიან მჭიდროა, მაგრამ დღეს ალბათ ევროკავშირის გზა უფრო ახლოს ჩანს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ზურაბიშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა: „როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი ქვეყნის რეალისტური მომავალი, რომ შეინარჩუნოს თავი უსაფრთხო და დამოუკიდებელი, როგორ ფიქრობთ, გაქვთ რაიმე შანსები ნატო-ში გაწევრიანების და ასევე ევროკავშირში?“

„ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს უფრო მეტი შანსი ევროკავშირში მოხვედრის და ვიცით, რომ ევროკავშირისა და ნატო-სკენ მიმავალი გზა პარალელურია. საქართველო ძალიან აქტიური იყო ნატო-სთან ურთიერთობაში და მონაწილეობდა ნატო-ს მისიების ნაწილში ერაყსა და ავღანეთში. ნატო-ს წვრთნები მთელი ამ წლების განმავლობაში ტარდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები. ასე რომ, ჩვენი კავშირი ნატო-სთან ძალიან მჭიდროა, მაგრამ დღეს ალბათ ევროკავშირის გზა უფრო ახლოს ჩანს.

ნატო-ს თვალსაზრისით შემდეგი სამიტი იქნება უკრაინაზე, ეს ყველამ ვიცით და ეს იქნება უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის და ეს ნორმალურია. სწორედ ამას იმსახურებს უკრაინა დღეს. ჩვენ შორის არ არსებობს კონკურენცია რაიმე ფორმით. უკრაინის წინსვლა საქართველოს სარგებელს მოუტანს, მაგრამ საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს. ჩვენ მივიღეთ პერსპექტივა, რომელიც საქართველოსთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რაც იმას ნიშნავდა, რომ გეოგრაფიული ადგილმდებარეობა აღარაა ჩვენთვის უარის თქმის მიზეზი, რაც იყო მრავალი წლის განმავლობაში. შემდეგი ეტაპი არის კანდიდატის სტატუსის მოპოვება. ამ „რბილ ომში“, რომელიც ჩვენ გვაქვს რუსეთთან, „რბილი“ პოლიტიკა, „რბილი“ ძალა, ვფიქრობ, ევროკავშირს არ შეუძლია, რაიმე სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღება, რომ დაკარგოს საქართველო. საქართველოს მოსახლეობა ისევ იმედგაცრუებული დარჩება და ეს არ უნდა იყოს ნიშანი რუსეთისთვის, რომ მისთვის მარტივად „სათამაშო“ ადგილი ვართ.

ეს არის ძალიან სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს დემოკრატიულ რეფორმებს და პროცესებს, რომლებიც, შესაძლოა, ბოლო ეტაპზე არ არის ისეთი დამაკმაყოფილებელი, როგორც უნდა იყოს. მაგრამ ეს პირობები შეიძლება დარჩეს, შეიძლება, რამე დაემატოს, რომელთაგანაც ევროკავშირი იპოვის სწორ სიტყვათა შეთანხმებას და ფორმატს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არის სტრატეგიული გადაწყვეტილება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.