“ჩვენ ვისურვებდით მეტ შედეგს აშშ-სთან ურთიერთობაში” – ლევან დავითაშვილი

22
spot_img

ჩვენ ვისურვებდით მეტ შედეგს აშშ-სთან ურთიერთობაში და ჩვენი მხრიდან ამას ძალისხმევა არ აკლდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები ცვლის სავაჭრო პოლიტიკას და საქართველოს მხრიდან ყოველთვის ხდება მაღალ დონეზე ადვოკატირება, რომ ჩვენი ქვეყანა, როგორც აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი გათვალისწინებული იყოს ახალ სავაჭრო პოლიტიკაში.

„ყოველ წელს გვაქვს დიალოგი, რომ გადაიხედოს არსებული სავაჭრო შეთანხმებები და მოხდეს გარკვეული პროგრესი, მათ შორის, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტების მიმართ იყოს ლიბერალური რეჟიმები. ეს არ არის მარტივი საკითხი, კონტექსტი უნდა წარმოვიდგინოთ, მსოფლიოში ბევრი რამე შეიცვალა ბოლო პერიოდში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეცვალა სავაჭრო პოლიტიკა ბევრი ქვეყნის მიმართ. ძალიან მკაფიო იყო ამერიკის პოლიტიკური ხელმძღვანელობის, ამ შემთხვევაში სავაჭრო წარმომადგენლობის პოზიცია, რომ ისინი აყალიბებენ ახლებურ მიდგომას ზოგადად სავაჭრო პოლიტიკის კუთხით და მხოლოდ საქართველოსთვის არ იქნება, რა თქმა უნდა, ცალკე რეჟიმი, მაგრამ მთლიანად მათ ახალი პრიორიტეტები უნდა ჩამოაყალიბონ სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, საქართველო, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, მოაზრებული იქნება. ჩვენ ამას ვაფიქსირებთ ყველა ფორმატში, რომ საქართველოს ხმა ისმოდეს და საქართველოს პრიორიტეტები იყოს ამ ახლებურ პოლიტიკაში გათვალისწინებული.

ჩვენ არ ვაკლებთ მცდელობას, რომ მოვიზიდოთ მეტი და ხარისხიანი ინვესტიცია ამერიკიდან, მათ შორის ხელი შევუწყოთ პირდაპირ ფრენებს. ამ კუთხითაც ჩვენ მზაობას ვაფიქსირებთ, რომ ინფრასტრუქტურული ცვლილება, რაც შეიძლება ჩვენს აეროპორტებში იყო საჭირო, ეს განვახორციელოთ, თუმცა გვჭირდება მოხმარება, მხოლოდ ჩვენი ძალისხმევა საკმარისი არ არის. გვესმის, რომ საწყის ეტაპზე კომერციულად შეიძლება ახალი პირდაპირი ფრენების დაწყება იყოს რთული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სავაჭრო -ეკონომიკური, ტურისტული, ხალხთა შორის ურთიერთობების წასახალისებლად და აქაც, ალბათ, მხარდაჭერა ამერიკის ხელისუფლების მხრიდან იქნებოდა მიზანშეწონილი, განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, როდესაც ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ და ორივე მხარეს აქვს სურვილი ეს ურთიერთობები გააღრმაოს, მათ შორის, ეკონომიკური ურთიერთობები“, – განაცხადა დავითაშვილმა.