“ჩვენ ვიქნებით მესამე ქვეყანა, რომელსაც აქონდროპლაზიის მართვის ეროვნული პროტოკოლი ექნება”-ივანე ჩხაიძე

98
spot_img

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლზე მომუშავე სამუშაო ჯგუფისა და იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

საბჭოს წევრის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, პროტოკოლი დაახლოებით ივლისის შუა რიცხვებში დამტკიცდება. მისივე ინფორმაციით, პროტოკოლში დაავადების მართვის ერთ-ერთ საშუალებად დასახელებულია მედიკამენტი „ვოსორიტიდი“.

„დღევანდელ შეხვედრაზე განხილული იყო პროტოკოლის საბოლოო ვერსია და ასევე ის შენიშვნები, რაც იყო მიღებული ექსპერტებისგან, რეცენზენტებისგან პროტოკოლის ცალკეულ დებულებებთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, ჩვენ ალბათ უახლოეს დღეებში გვექნება ეროვნული პროტოკოლის საბოლოო ვერსია და შემდეგი ეტაპი არის ამ პროტოკოლის დამტკიცება გაიდლაინებისა და პროტოკოლის ეროვნულ საბჭოზე. მოსალოდნელია, რომ პროცესი უახლოესი კვირის ან ორი კვირის განმავლობაში დასრულდება და გაიდლაინების საბჭო საბოლოოდ დაამტკიცებს პროტოკოლის იმ ვერსიას, რომელიც შემდეგ უნდა იყოს ხელმოწერილი ჯანდაცვის მინისტრის მიერ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პროტოკოლის ამ ვერსიას განიხილავს ექსპერტი და, საბოლოო ჯამში, პროტოკოლს ექნება როგორც სამუშაო ჯგუფის, ისე ქართველი და უცხოელი ექსპერტების შეფასება. წინასწარი მოლოდინია, რომ 15-20 ივლისისთვის იქნება პროტოკოლი გატანილი და მიღებული გაიდლაინების ეროვნულ საბჭოზე“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ამასთან, როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, პროტოკოლში დეტალურად არის განხილული აქონდროპლაზიის მკურნალობის მეთოდები.

„პროტოკოლი არის ფართო დოკუმენტი. დეტალურადაა განხილული დაავადების გენეტიკური მიზეზები, სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები. მნიშვნელოვანია მულტიდისციპლინური ჯგუფის მუშაობა – ვინ უნდა შეაფასოს ბავშვები, ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მედიკამენტის დანიშვნის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. ასევე, დეტალურად არის განხილული დაავადების მკურნალობის მეთოდები – მოვლა, სარეაბილიტაციო ღონისძიებები. ასევე, განხილული იყო ქირურგიული მკურნალობის ჩარევები. პროტოკოლში „ვოსორიტიდი“ შეტანილია იმ თავში, სადაც განხილულია დაავადების მართვის მედიკამენტური მეთოდები. ვფიქრობ, საქართველომ შეიმუშავა ერთ-ერთი საუკეთესო პროტოკოლი. მსოფლიოში მხოლოდ ორ ქვეყანას აქვს ასეთი პროტოკოლი და ჩვენ ვიქნებით მესამე ქვეყანა, რომელსაც აქონდროპლაზიის მართვის ეროვნული პროტოკოლი ექნება“, – განაცხადა ივანე ჩაიძემ.