ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარით, რომელიც ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია -ირაკლი კობახიძე

12
spot_img

ჩვენს ჯარზე, ჩვენს სამხედროებზე ზრუნვა და მათი ღვაწლის კიდევ უფრო დაფასება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ვალდებულებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ქართული ჯარი ყოველთვის ურყევად იდგა ქვეყნის თავისუფლების სადარაჯოზე.

„საქართველოს თავდაცვის ძალები 33 წლისაა. ყველას გილოცავთ ამ დღეს, რომელსაც განსაკუთრებული სიამაყით აღვნიშნავთ. ეს დღე გეკუთვნით თქვენ, თითოეულ მამაც და პროფესიონალ სამხედროს, რომლებიც იცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, მშვიდობას და თავისუფლებას.

ჩვენი ჯარი ყოველთვის ურყევად იდგა ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე. ქედს ვიხრი ყველა მებრძოლის ხსოვნის წინაშე, ვინც გმირულად დაეცა სამშობლოს დასაცავად თუ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. მათი სიმამაცე, პატრიოტიზმი და სიმტკიცე ის ღირებულებებია, რომლებსაც თავდაცვის ძალები ეფუძნება. მინდა, ეს დღე მივულოცო ყველა ვეტერანს და მადლობა ვუთხრა მათ სამშობლოს ერთგული სამსახურისთვის.

თავდაცვის ძალების დღეს ვულოცავ ჩვენს დაჭრილ და დაშავებულ მებრძოლებს. ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების ვალია, მაქსიმალურად დავუჭიროთ მათ მხარი და დავაფასოთ მათი თავგანწირვა. ჩვენს ჯარზე, ჩვენს სამხედროებზე ზრუნვა და მათი ღვაწლის კიდევ უფრო დაფასება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ვალდებულებაა. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარით, რომელიც ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია. ჯარი არის ის დიდი ოჯახი, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის და აერთიანებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.