“ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ უკრაინის საიმედო და პროგნოზირებადი დახმარება გრძელვადიანად” – იენს სტოლტენბერგი

25
spot_img

ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ უკრაინის საიმედო და პროგნოზირებადი დახმარება გრძელვადიანად, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის დახმარების ნებისმიერ შეფერხებას შედეგები აქვს ბრძოლის ველზე, ამიტომ საჭიროა მხარდაჭერის დინამიკის შეცვლა.

„ჩვენ მტკიცედ უნდა დავდგეთ უკრაინის მიმართ მხარდაჭერაში. მივესალმები, რომ მოკავშირეები განაგრძობენ იარაღის, აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალების მსხვილ მიწოდებებს, თუმცა უკრაინას სასწრაფო საჭიროებები აქვს. ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, მხარდაჭერის ნებისმიერ შეფერხებას შედეგები აქვს ბრძოლის ველზე. ამიტომ უნდა შევცვალოთ ჩვენი მხარდაჭერის დინამიკა. უნდა უზრუნველვყოთ უკრაინის საიმედო და პროგნოზირებადი დახმარება გრძელვადიანად, რათა ჩვენ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული მოხალისეობრივ კონტრიბუციებზე და უფრო მეტად დამოკიდებული ვიყოთ ნატო-ს ვალდებულებებზე, ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული მოკლევადიან შეთავაზებებზე და მეტად – მრავალწლიან ვალდებულებებზე. შესაბამისად მინისტრები განიხილავენ, როგორ შეიძლება ნატომ საკუთარ თავზე აიღოს მეტი პასუხისმგბელობა უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებისა და წვრთნის კოორდინირებაზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.