“ჩვენ უნდა გავძლიერდეთ ეკონომიკურად, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, უნდა გაძლიერდეს თითოეული ოჯახი”

80
spot_img

წამოცდენები აქვთ ამ ადამიანებს და რეალურად ის ზრახვები რაც აქვთ, ამ წამოცდენებში იკვეთება, – ასე გამოეხმაურა კახა კალაძე თემურ ალასანიას განცხადებას ოკუპირებული ტერიტორიების ძალისმიერი მეთოდებით დაბრუნების შესახებ. თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა 2008 წლის ომის შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.

„2008 წელს რა ქნეს, ომით რა გააკეთეს? მე გეტყვით, რა გააკეთეს. დავკარგეთ ტერიტორიები. დღეს ქვეყნის ტერიტორიების ძალიან დიდი ნაწილი ოკუპირებულია, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, უამრავი ჩვენი გმირი ჯარისკაცი, მშვიდობიანი მოსახლეობა დაღუპულია. აი ეს მივიღეთ. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავძლიერდეთ ეკონომიკურად, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, უნდა გაძლიერდეს თითოეული ოჯახი და ამ ყველაფრით ჩვენ შევძლებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, – განაცხადა კალაძემ.

ამერიკაში ემიგრანტებთან შეხვედრაზე თემურ ალასანიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ძალისმიერი გზით დაბრუნებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალით წართმეული ტერიტორიების მშვიდობიანად დაბრუნება ისტორიას არ ახსოვს. მან ასევე თქვა, რომ გაყოფილი, გახლეჩილი, ერთმანეთს დატაკებული საქართველო ურჩევნია, რადგან ეს არის პლურალიზმი, დემოკრატია და სხვადასხვა აზრის წახალისება.