„ჩვენ უნდა დაველაპარაკოთ პოლონელებს“ – ლუკაშენკო

139
spot_img

ევროკავშირის ქვეყნები ბელარუსის მეზობლები არიან და ჩვენ არ უნდა გავწყვიტოთ მათთან კონტაქტები“, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.

„ახლა ფულს ძირითადად აღმოსავლეთში ვშოულობთ: რუსეთში, ჩინეთში, მაგრამ არ უნდა გავწყვიტოთ კონტაქტები მაღალტექნოლოგიურ დასავლეთთან. ისინი ახლოს არიან, ევროკავშირი ჩვენი მეზობელია. და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ კონტაქტი მათთან. ჩვენ მზად ვართ ასე მოვიქცეთ, მაგრამ სათანადოდ უნდა გავითვალისწინოთ საკუთარი ინტერესებიც“, – აცხადებს ლუკაშენკო.

როგორც ბელორუსული მედია წერს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო შეხვედრაზე ლუკაშენკომ მთავრობას და საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, დასავლელ მეზობლებს კეთილმეზობლობის სამშვიდობო გეგმა შესთავაზონ.

„ჩვენ უნდა დაველაპარაკოთ პოლონელებს. ვუთხარი პრემიერს, რომ მათ დაუკავშირდეს. თუ მათ სურთ, შეგვიძლია ვისაუბროთ, გავაუმჯობესოთ ურთიერთობა. ჩვენ მეზობლები ვართ და ამას ვერ აირჩევ, მეზობლებს ღმერთი გვაძლევს“, – დასძინა ლუკაშენკომ.

ინფორმაციისთვის, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშაკმა თქვა, რომ პოლონეთი ბელარუსის საზღვარზე 10 000 ჯარისკაცის განთავსებას გეგმავს.