ბრიტანულ გაზეთ „თაიმსში“ (The Times) გამოქვეყნებულია ცნობილი ჟურნალისტის, პოლიტოლოგისა და ექსპერტის, რუსეთის შესახებ მრავალი წიგნის ავტორის ედვარდ ლუკასის სტატია სათაურით „ჩვენ ცარიელი სანქციებით რუსეთს ვერაფერს ვავნებთ“, რომელშიც განხილულია დასავლეთის მიერ გამოცხადებული ანტირუსული სანქციების არაეფექტიანობის მიზეზები: რა შეცდომები დაუშვეს ევროკავშირმა და აშშ-მა კრემლის წინააღმდეგ ემბარგოს დაწესების დროს და როგორ შეიძლება სიტუაციის გამოსწორება.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
სასურველის სინამდვილედ გასაღება და ცარიელი ჟესტები – დასავლური საგარეო პოლიტიკის უბედურებას წარმოადგენს. ამის ნათელი მაგალითია ის სანქციები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა და ევრვოკავშირმა შემოიღეს. თითქმის 13-რაუნდიანი ანტირუსული სანქციების შედეგად, რითაც დასავლეთი მოსკოვს განუწყვეტლივ სასჯელს უცხადებდა, დღეისათვის სანქცირებულია 11 ათასი კერძო პირი და 4600 საწარმო (კომპანია). სანქციები მოიცავს ენერგორესურსებს (ნავთობი და გაზი), საბანკო საქმეს, იმპორტსა და ექსპორტს, ფინანსურ ოპერაციებს და პროდუქციის ფიზიკურ მიწოდებებს. სანქციების მიზანი იყო კრემლის სამხედრო მანქანის მწყობრიდან გამოყვანა, მაგრამ აკრძალვა-ემბარგოებმა არ იმუშავეს – ისევე როგორც იმ 2600-მა სანქციამ, რომლებიც ომამდელ წლებში იქნა მიღებული დასავლეთის მიერ. ისმება კითხვა: რატომ?
მიზეზები საკმარისზე მეტია. ავიღოთ, მაგალითად, ფინანსური სანქციები, რომლებიც თავისი არსით ძალიან მკაცრია და მიმართულია იმ რუსული ბანკების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულნი არიან გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის გაყიდვასთან.
სანქციები დაწესდა, მაგრამ რა გამოვიდა? ჩვენ, უბრალოდ [ჩვენივე გადაწყვეტილების გვერდის ავლით], აქტივები სანქცირებული ბანკებიდან იმ ბანკებში გადავიტანეთ, რომლებზეც სანქციები არ ვრცელდებოდა. ჩვენ ისეთი სავაჭრო სანქციები დავაწესეთ იმდენი შენიშვნებით და გამორიცხვებით, რომ რუსეთმა იოლად იპოვა „ხვრელები“ და კარგად ისარგებლა – განსაკუთრებით ნავთობის გაყიდვის სფეროში.
იცით დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ სულ ბოლო დროს შემოღებული ანტირუსული სანქციები ვის ეხება? ვის და სადღაც ჩრდილოეთის პოლარული წრის მიღმა თუ ციმბირში მდებარე საპყრობილეს უფროსებს – იქ, სადაც ალექსი ნავალნი იხდიდა უკანონო სასჯელს. გამოცხადებული სანქციის თანახმად, საპყრობილეს ხელმძღვანელებს სასტიკად აეკრძალათ დიდი ბრიტანეთში ჩასვლა. კი, საკმაოდ ხმამაღლა ჟღერს – „სასტიკად აეკრძალათ“, მაგრამ პრაქტიკულად ეს სანქცია არაფრის მომტანი არ არის. უფრო მეტიც – ჩვენ ვთვალთმაქცობთ, როცა ვამბობთ, რომ რუსეთს ზიანს ვაყენებთ და ამ დროს მასთან ჩვენი კავშირების შენარჩუნებას ვცდილობთ.
ჩვენ რომ ორი წლის წინ დაგვეწყო საბრძოლო მასალების წარმოება და უკრაინისათვის საჭირო იარაღი ომის პირველივე თვეებში მიგვეცა – მაგალითად, შორი რადიუსით მოქმედი რაკეტები, ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებები, ავიაგამანადგურებლები და სხვა ტექნიკა, რასაც კიევი ითხოვდა, დღევანდელი ომი სულ სხვაგვარი იქნებოდა.
ჩვენ დაყოვნებით ვმოქმედებთ. ჩვენმა დაგვიანებამ უამრავი საცხოვრებელი სახლი დაანგრია, უამრავი მშვიდობიანი ადამიანების სიცოცხლე შეიწირა, რომ არაფერი ვთქვათ სამხედრო მოსამსახურეებზე.. ჩვენი პოლიტიკოსები გასაკვირად გულგრილად უყურებენ ამ ყველაფერს.
საჭირო იყო უფრო ეფექტური სანქციების გამოცხადება და რაც გამოცხადდა, მათ მიმართ ეფექტური კონტროლი და არა [რუსი] პოტიომკინისავით საკუთარი თავის მოტყუება. ჩვენ შეგვეძლო რუსეთის ცენტრალური ბანკის 300 მილიარდიანი აქტივის დაყადაღება და მისი უკრაინისთვის გადაცემა. დიახ, არსებობს იურიდიული ბარიერები, მაგრამ რა ვუყოთ იმ საფრთხეს, რომელიც ჩვენ დაგვემუქრება, თუ უკრაინა ომს წააგებს?
ჩვენ შეგვეძლო იმ დასავლური (ანუ ჩვენივე) კომპანიების დასჯა, რომლებიც კრემლის სამხედრო ეკონომიკას ხელს უწყობენ. დიდი ბრიტანეთი, ჩვენდა სამარცხვინოდ, რუსული ნავთობით საერთაშორისო ვაჭრობის უდიდესი დამზღვევია, ანუ ჩვენი დახმარებით რუსეთმა ომის პირველ 18 თვეში 100 მილიარდი გირვანქა სტერლინგი მიიღო. არადა, ვერაფერს ვიტყვით: ყველაფერი კანონიერია…
ზოგიერთი დასავლური კომპანია რუსეთში საქმიანობას ძველებურად აგრძელებს. მაგალითად, კვების პროდუქტების მწარმოებელი „მონდელეზი“ (Mondelez) აცხადებს, რომ გმობს რუსეთის ომს უკრაინასთან, მაგრამ რუსეთის ბაზარს არ ტოვებს და ამას იმით ხსნის, რომ მომხმარებლების, თანამშრომლებისა და მომწოდებლების წინაშე ვალდებულებები გვაქვსო…
შეიძლებოდა სხვა ტაქტიკის გამოყენებაც – მკაცრად დასჯილიყვნენ ჩვენი კომპანიები, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთს. უნდა დასჯილიყვნენ არა მათი ფიქტიური ფილიალები, რომლებიც სადღაც კარიბის ზღვის კუნძულებზე არიან რეგისტრირებულები, არამედ რეალური ადამიანები, მათი მფლობელები. მათთვის უნდა დაგვეკისრებინა დამატებითი გადასახადები… თუ უარს იტყოდნენ გადახდაზე, მათი აქტივების დაყადაღება მოხდებოდა, საბოლოოდ კი აუქციონზე გაყიდვა. არ მოეწონებოდათ? მიმართავდნენ სასამართლოს, მაგრამ ეს იქნებოდა მათი მორალური სახის ჩვენება. კარგი იქნებოდა, თუ [მათი ქონების გაყიდვის შედეგად] მიღებული თანხები უკრაინაში გაიგზავნება.