“ჩვენ იმის გამკეთებლები არა ვართ, რომ ევროკავშირის გზაზე რაიმე პრობლემა შევქმნათ”

15
spot_img

გულწრფელად გეუბნებით, ჩვენ იმის გამკეთებლები არა ვართ, რომ ევროკავშირის გზაზე რაიმე პრობლემა შევქმნათ – ჩვენი რიგ შემთხვევებში ხისტი, მკაფიო და თავისუფალი გადაწყვეტილებებით და დამოკიდებულებით უფრო მეტად დაგვაფასებენ! ეს ყველაფერი მართლა ცალ ფეხზე დგომით არ უნდა გავაკეთოთ! – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი იმ ტიპის კანონმდებლობაა, რაც არც ერთ სხვა ქვეყანას არ აწყობს, მაგრამ აწყობს საქართველოს ეროვნულ ინტერესს, სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და გარე ჩარევებისგან დაზღვევას.

„ეს არანაირი რუსული კანონი არ არის და საზოგადოებას ბინძურად ატყუებთ! რატომ არის რუსული კი არა, ცუდი რატომ არის, ესეც კი არ გითქვამთ! ამბობთ, იმან თქვა, ამან თქვა – ჩვენს მეგობრებზე მიუთითებთ, მაგრამ თქვენი აზრი არ გამოგითქვამთ. დაამზადეთ „ქარდები“, რაც სისულელეა.

აშშ-ს ასეთი კანონმდებლობა სუბიექტურად არც ერთ სხვა ქვეყანას არ აწყობს, ევროპელების ანალოგიური კანონმდებლობა სუბიექტურად არც ერთ ქვეყანას არ აწყობს და ქართველების ასეთი კანონმდებლობა სუბიექტურად არც ერთ ქვეყანას არ აწყობს, რადგან უცხო ქვეყანას აქვს ინტერესი, რომ მათი წარმომადგენლები სხვადასხვა მიზნების განსახორციელებლად – ხშირ შემთხვევას კარგი და ხშირ შემთხვევაში ცუდი მიზნების განსახორციელებლად ჰყავდეს.

თქვენ გგონიათ, რომ მეგობრებს მონური მორჩილებით უნდა ელაპარაკოთ. ჩვენ სხვა დამოკიდებულება გვაქვს – ორ ფეხზე მყარად დგომით მეგობრები ამ ყველაფერს უფრო სწორად დაინახავენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტს პირველი მოსმენით იხილავენ.

კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით”, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – კერძოდ კი, 20%-ზე მეტი – უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად” მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.