,,ჩვენ გვსურს, საქართველოს მთავრობამ მოისმინოს ხალხის ნება და ამის მიხედვით განავითაროს პოლიტიკა, სწორედ ამისკენ ვუბიძგებთ „ქართულ ოცნებას“ – ნატო-ში აშშ-ის ელჩი

9
spot_img

ჩვენ გვსურს, საქართველოს მთავრობამ მოისმინოს ხალხის ნება და ამის მიხედვით განავითაროს პოლიტიკა. სწორედ ამისკენ ვუბიძგებთ „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩმა, ჯულიან სმიტმა განაცხადა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხებოდა.

ჯულიან სმიტის თქმით, ქართველ ხალხს მტკიცედ სურს დასავლური ინსტიტუტებისკენ მოძრაობა.

„რაც შეეხება იმას, რაც ვითარდებოდა საქართველოში უკანასკნელ კვირებში, ჩემი აზრით, უკეთესია თუ ვისაუბრებ აშშ-ის ხელისუფლების პოზიციიდან. ძალიან ცხადია, რომ საქართველოს ხალხს მტკიცედ სურს დასავლური ინსტიტუტებისკენ მოძრაობა, მათ აქვთ ღრმად გამჯდარი რწმენა, რომ საქართველოს სჭირდება ევროკავშირში და ასევე ნატო-ში გაწევრიანება. ეს ჩანს, როგორც საქართველოში უახლოეს ხანში ან წარსულში ჩატარებული გამოკითხვების მონაცემებში, ასევე იმ კადრებით, რომლებშიც ვხედავთ ათობით ათას ყველა ასაკის ადამიანს, რომლებიც გამოდიან ქუჩებში და ამით ეწინააღმდეგებიან უცხოური ჩარევის კანონს, გამოხატავენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე სურვილს. რთულია, ვერ შეამჩნიო, რა სურს ქართველ ხალხს. სწორედ ამ მიზეზით, აშშ-მა დაგმო უცხოური ჩარევის კანონის მიმართულებით მოძრაობა და ის, რა მიმართულებითაც წავიდა „ქართული ოცნება“ უკანასკნელ კვირებში. თქვენ მოისმინეთ, რომ აშშ გეგმავს ქმედებებს მათ მიმართ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას და მუშაობს დემოკრატიის საწინააღმდეგოდ საქართველოს შიგნით. კერძოდ, გადავხედავთ სავიზო პოლიტიკას. თქვენ მოისმინეთ სახელმწიფო მდივნის განცხადება ამის შესახებ. ასე რომ, აშშ-ის პოზიცია მკაფიოა და შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი გზავნილები ისმის ნატო-ს სხვა წევრებისგან. ანალოგიური გზავნილები მოისმინეთ ევროკავშირისგანაც. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს მთავრობამ მოისმინოს ხალხის ნება და ამის მიხედვით განავითაროს პოლიტიკა. სწორედ ამისკენ ვუბიძგებთ „ქართულ ოცნებას““, – განაცხადა ჯულიან სმიტმა.