“ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკეთესი გადაწყვეტილებისა და ახალი ეკონომიკური იდეებისთვის” – სერბეთის ვაჭრობის მინისტრი

98
spot_img

ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან – სერბები პატივს სცემენ ქართველ ხალხს და ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს ტერიტორიულ სუვერენიტეტს. თბილისში პირველად ვარ და აღფრთოვანებული ვარ ამ ქალაქის სილამაზით, მას აქვს განსაკუთრებული ენერგია და მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ, გამორჩეულ მაღალჩინოსნებთან ერთად, – ეს განცხადება სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, ტომისლავ მომიროვიჩმა გააკეთა, რომელმაც 26 ოქტომბერს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ფორუმის ფარგლებში ისეთი თემების განხილვა, როგორებიცაა ვაჭრობა, შესაძლებლობები, მშვიდობა, ასევე მიდგომები, თუ როგორ გაიზარდოს ინვესტიციები კავკასიის, ბალკანეთის რეგიონებსა და მთელი აბრეშუმის გზის გასწვრივ.

„ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკეთესი მომავლისთვის, უკეთესი გადაწყვეტილებისთვის, ახალი ეკონომიკური იდეებისთვის. მეტი ინვესტიცია უნდა გამოვიმუშაოთ, უნდა უზრუნველვყოთ უკეთესი კავშირი ჩვენს ეკონომიკებსა და ქვეყნებს შორის“ – განაცხადა მინისტრმა.

მისი შეფასებით, საქართველოსა და სერბეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობები კარგზე უკეთესია და ხალხს შორის, ტრადიციულად, ძალიან თბილი ურთიერთობაა.

„თუმცა, ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები, ამიტომ ვარ აქ. გვექნება შეხვედრა ვიცე-პრემიერთან, საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან და დარწმუნებული ვარ, ვიპოვით ახალ პერსპექტივებს ჩვენი ინვესტორებისთვის, კომპანიებისთვის საქართველოსა და სერბეთიდან და, ასევე, ვიპოვით უკეთეს გადაწყვეტილებებს. დარწმუნებული ვარ, გავაგრძელებთ თანამშრომლობას უკეთესი მომავლისთვის“ – აღნიშნა მომიროვიჩმა.