“ჩინური “კომუნისტური კაპიტალიზმის” მომავალი: “მოკლავს“ თუ არა “სიიზმი” “დენიზმს?”-Financial Times

61
spot_img

ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) ბეჭდავს სტატიას სათაურით: „ჩინური „კომუნისტური კაპიტალიზმის“ მომავალი: „მოკლავს“ თუ არა „სიიზმი“ „დენიზმს?“ (ავტორი – მარტინ ვოლფი, გაზეთის მთავარი ეკონომიკური მიმომხილველი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

როგორია ჩინეთის ეკონომიკური მომავალი? ეს კითხვა ბევრ კონკრეტულ პრობლემას აყენებს, კერძოდ, ჩინეთის მაკროეკონომიკური დისბალანსის შენარჩუნებას, მოსახლეობის რაოდენობის შემცირების საფრთხეს და ურთიერთობის გაუარესებას მსოფლიოს მნიშვნელოვან რეგიონებთან, უპირველესად კი სულ უფრო მტრულ ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

მაგრამ ამ ყველაფრის უკან უფრო ღრმა და გაურკვეველი კითხვა დგას: ნამდვილად ქრება თუ არა სი ძინპინის მმართველობის დროს დენ სიაოპინის მიერ შექმნილ-გამოგონებული და, როგორც ჩანს, თავისივე არსის საწინააღმდეგო „კომუნისტური კაპიტალიზმი“? გახდება თუ არა მყიფე ჩინეთის რეჟიმი და საბოლოდ მას ისეთი ბედი ეწევა თუ არა, როგორიც საბჭოთა კავშირს? და ბოლოს – „მოკლავს“ თუ არა „სიიზმი“ „დენიზმს“?
ბევრმა ექსპერტმა, რომლებსაც ეს კითხვა დავუსვი, უკიდურესად ნეგატიური აზრი გამოხატა, განსაკუთრებით კერძო სექტორის პერსპექტივის მიმართ. არცერთი არ არის დარწმუნებული, რომ სი ძინპინი საბოლოოდ გადაწყვეტს ჩინეთის ეკონომიკის წინაშე მდგარ პრობლემებს.

გარკვეულ ნათელს ჰფენს ამ საკითხებს ამას წინათ დევიდ ლის მიერ გამოცემული წიგნი სახელწოდებით „ჩინური მსოფლმხედველობა“. ავტორი ეკონომიკის პროფესორია, რომელმაც განათლება ჰარვარდში მიიღო და ჩინეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ სინჰუას უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა. იმ ადამიანებმა, რომლებიც ჩინეთით არიან დაინტერესებულნი – „ქორებმაც“ და „მტრედებმაც“ – დევიდ ლის წიგნს ყურადღებით უნდა გაეცნონ.

შესაძლოა, ყველაზე საოცარ დაკვირვებად ითვლება ის, რომ „980 წლიდან 1840 წლამდე ანუ თანამედროვე ჩინეთამდე, ქვეყნის ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლები მცირდებოდა. ძველი ჩინეთი მალთუსის ხაფანგში იყო მოხვედრილი (ანუ ინდუსტრიამდელი საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ტიპური სიტუაცია, როცა მოსახლეობის რაოდენობის ზრდა სურსათის წარმოების ზრდას უსწრებს). თითქმის ასეთი მდგომარეობა იყო შენარჩუნებული 1840 წლის შემდეგაც, მეოცე საუკუნეშიც, მაო ძედუნის რეჟიმის პირობებში. ვითარება შეიცვალა მხოლოდ დენ სიაოპინის რეფორმების განხორციელების შემდეგ.

გაათავისუფლა რა ჩინეთის ეკონომიკა კომპარტიის მარწუხებისგან, ეყრდნობოდა რა საბაზრო ეკონომიკის საფუძვლებს და გახსნა რა ჩინეთი მსოფლიოს ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობებისათვის, კომპარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დენ სიაოპინმა პირობები შექმნა ექსტრაორდინარული გარდაქმნებისათვის. და მაინც, 1989 წელს, როცა მისი თანხმობით პეკინის ტიანანმენის მოედანზე დემოკრატიული მოთხოვნების ინიციატორი სტუდენტები დახოცეს, დენ სიაოპინმა კომპარტიის კონტროლი გააძლიერა. მან ახალი პოლიტიკური ეკონომია შექმნა, რომლის შედეგს დღევანდელი ჩინეთი წარმოადგენს.

შეიძლება თუ არა ამჟამინდელი პოლიტეკონომია მდგრად მოვლენად ჩაითვალოს? დევიდ ლის წიგნი ერთმნიშვნელოვნად დადებით პასუხს იძლევა – „დიახ“. მასში ნათქვამია, რომ ჩინეთის პოლიტიკური სისტემა არ უნდა იქნეს განხილული როგორც საბჭოურ ფორმად, არამედ როგორც ტრადიციული ჩინური იმპერიული სახელმწიფოს მოდერნიზებულ სახედ. ასეთი სახელმწიფო თავის მოქალაქეებზე მამობრივად ზრუნავს, მათზე პასუხისმგებლობა აქვს დაკისრებული (ხალხის „მამა-მარჩენლის“, ქვეყნისა და პარტიის „დიდი მესაჭის“ სახით), მაგრამ ხალხისადმი ანგარიშვალდებული არ არის, ერთი ფუნდამენტური ასპექტის გარდა: თუ ის ხალხის მხარდაჭერას დაკარგავს, მას დაამხობენ. მისი შრომის მიზანი გამოიხატება სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში. როგორც დენ სიაოპინი აცხადებდა, რომ ყველაფრის ცენტრიდან მართვა ისეთ დიდ ქვეყანაში, როგორიც ჩინეთია, არ შეიძლება, საჭიროა უფლებამოსილების გადანაწილება რეგიონებში. მისი იდეის თანახმად, ჩინეთის კომპარტია ხალხთან ახლოს უნდა ყოფილიყო, ანუ ეროვნულ პარტიად უნდა გადაქცეულიყო.

ამ თვალსაზრისით, სი ძინპინის რეჟიმი წარმოადგენს არა დენის ეპოქის მიზნების უარყოფას, არამედ უფრო მეტად მცდელობას იმისა, რომ გამოასწოროს ზოგიერთი პრობლემა, რომლებიც კაპიტალიზმმა წარმოქმნა – მაგალითად, კორუფცია, ქონებრივი უთანაბრობის ზრდა და გარემოსათვის მიყენებული ზიანი.
დენის ეპოქალურმა რეფორმებმა მართლაც ბევრი პრობლემა გააჩინა. ნაწილობრივ ამაში ბრალი მიუძღვით ჰუ ძინტაოს და ვენ ძიბაოს მმართველობის დროს დაშვებულ შეცდომებს, მაგრამ ყველაზე მეტად ეს უკავშირდება საბაზრო ეკონომიკის ტენდენციას კორუფციისაკენ, რომელიც დამოკიდებულია ადგილობრივი ადმინისტრაციის მოქმედებაზეც. სი ძინპინი შეეცადა მდგომარეობის გამოსწორებას, მაგრამ არასწორი მეთოდებიც, ანუ პოზიტიური შედეგი არ იქნა მიღებული. და თუ ასე გაგრძელდება, შეიძლება ასეთმა პოლიტიკამ ეკონომიკის პარალიჩი გამოიწვიოს, რასაც მოსახლეობის ნეგატიური რეაქცია მოჰყვება. სხვათა შორის, ასე იყო კოვიდის პანდემიის დროს, როცა სი ძინპინმა უმკაცრესი კარანტინი შემოიღო (თითქოსდა კეთილი განზრახვით) და ამით მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია. სი ძინპინის შეუპოვარმა პოლიტიკამ ასევე გააუარესა ურთიერთობა დასავლელ პოლიტიკოსებთან.
ამრიგად, სი ძინპინის მოქმედება და მოძღვრება – „სიიზმი“ სრულებით შეიძლება განხილული იქნეს როგორც დენ სიაპონის იდეების – „დენიზმის“ – რეალიზების დროს დაშვებული შეცდომების გამოსწორებად, მაგრამ უფრო გაუარესებულ საერთაშორისო ვითარებაში. ასევე შეიძლება იმის მტკიცება, რომ სი ძინპინის მიერ პარტიული კონტროლის ორგანოების აღდგენა სრულიად რაციონალური ნაბიჯია. თავის დროზე ახალ სამართლებრივ სისტემაზე გადასვლა, რომელიც კერძო საკუთრებას აკანონებდა და არეგულირებდა მისგან გამომდინარე მრავალ საკითხს, ასევე დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის დანერგვა ძალიან სარისკო იყო. ისეთი ზომისა და განვითარების დონის მქონე ქვეყანაში, როგორიც ჩინეთია, ასეთი რეფორმებს ქაოსის გამოწვევა შეეძლო. ამიტომაც სი ძინპინის კონსერვატიული ალტერნატივა უფრო უსაფრთხოდ უნდა გამოიყურებოდეს: მან არ „მოკლას“ ისეთი ეკონომიკური „ქათამი, რომელიც ოქროს კვერცხს დებს“.
ჩინეთის პერსპექტივის განხილვისას არ არის აუცილებელია ზედმეტი ყურადღების მიქცევა ისეთი პრობლემებისადმი, როგორებიცაა ფასების დაკლება უძრავ ქონებაზე, დიდ საშინაო ვალზე, ჭარბ დანაზოგებზე, მოსახლეობის დაბერებაზე და დასავლეთის მტრობაზე. ამ ყველაფერ ჩინეთი გადაიტანს – პეკინს ჯერ კიდევ აქვს საკმარისი ადამიანური რესურსები და ზრდის პოტენციალი, მართალია, ადრინდელთან შედარებით რთულად, მაგრამ მაინც.
უფრო სერიოზულია ასეთი საკითხი: განწირულია თუ არა დენ სიაოპინისებური გადასვლა ეკონომიკური სტაგნაციიდან სწრაფ ზრდაზე „დაიმარხოს“ სი ძინპინისებური გადასვლით ცენტრალიზებულ, ფრთხილ და კონსერვატიულ პოლიტიკაში, ანუ უკუსვლაში სტაგნაციისაკენ? თუ ჩინელები დარწმუნდებიან, რომ ახლო წარსულის დინამიზმი საბოლოოდ დაკარგულია, მაშინ ეს იმედების გაცრუებას გამოიწვევს. მაგრამ 1,4 მილიარდი ადამიანის ძალა, რომლებსაც უკეთესი ცხოვრება სურთ, ძალიან დიდია. განა ვინმე მათ შეაჩერებს? ვფიქრობ, რომ პასუხი ნეგატიურია – ვერ შეაჩერებს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: