ვინც ჩინეთის პოლიტიკურ სისტემას კარგად იცნობს, დამეთანხმება, რომ ჩინეთთან ეკონომიკური და სხვა ტიპის ურთიერთობები მისი პოლიტიკური მდგენელის გარეშე ვერ განვითარდება. სწორედ ამიტომ ჰქონდა დღეს უკვე პრემიერ კობახიძის (მაშინ კი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის) ვიზიტს ჩინეთში [ასეთი მნიშვნელობა]. ამ ყველაფერმა მოიტანა ჯამში ის შედეგი, რომელიც დღეს გვაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი დონის პოლიტიკური ურთიერთობები შემდგომ ხელს უწყობს ეკონომიკურ ურთიერთობებს, – ამის შესახებ „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„იმ პერიოდში, როდესაც საქართველო ააქტიურებს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას ჩინეთთან, როდესაც საქართველოს სურს საკუთარი პროდუქცია უფრო მეტად გაიტანოს ჩინეთში, ცხადია, ამისთვის მხოლოდ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც ჩვენ გვაქვს, არ იქნება საკმარისი. ბუნებრივია, თავისუფალი ვაჭრობის ურთიერთობა გაძლევს პროდუქციის თავისუფლად გატანის საშუალებას, მაგრამ ეს პროდუქცია ბიზნესმენმა უნდა გაიტანოს. მთავრობამ თუ მოიპოვა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, შემდეგ ბიზნესმა უნდა იაქტიუროს. ბიზნესმა რომ იაქტიუროს, მთავრობას ამისთვის კიდევ ერთი ბერკეტი ჰქონდა ეს იყო უკვე უვიზო მიმოსვლა“, – აღნიშნავს აბაშიშვილი.
მისი თქმით, უვიზო მიმოსვლა დადებითად აისახება ასევე ბიზნეს-სფეროზე, რადგან ბიზნესმენები ჩინეთში ჩატარებულ სხვადასხვა ფორუმზე დასწრებას უფრო მარტივად შეძლებენ.