ჩემთვის პრეზიდენტის ინიციატივა გაუგებარია – რეფერენდუმი ჩაატარო საკითხზე, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება, არ მგონია სწორი იყოს -პაატა მანჯგალაძე

30
spot_img

ჩემთვის ეს ინიციატივა ნამდვილად გაუგებარია, იმიტომ, რომ რეფერენდუმი ჩაატარო იმ საკითხზე, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება, არ მგონია სწორი იყოს, – ასე აფასებს “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, პაატა მანჯგალაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ახალი ინიციატივას რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით.

მანჯგალაძის თქმით, მისთვის რეფერენდუმი არჩევნებია, რომ რეჟიმი, რომელიც ეღობება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ფაქტობრივად, დივერსიას უწყობს ევროპულ კურსს, ჩამოაშორო ხელისუფლებას.

“სტრატეგია აღმაშენებელში” და არც ჩვენს პარტნიორებთან – “ნაციონალურ მოძრაობასთან” ამ საკითხზე არ გვიმსჯელია, მაგრამ როგორც ერთი ადამიანის და დეპუტატის პოზიციას გეტყვით ამ საკითხზე: ჩემთვის ეს ინიციატივა ნამდვილად გაუგებარია, იმიტომ, რომ რეფერენდუმი ჩაატარო იმ საკითხზე, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება, არ მგონია სწორი იყოს. ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ეს გზა გადახედვას არ ექვემდებარება და ვინც ამის მიღმა დააყენებს თავს, არჩევნები ისედაც რეფერენდუმი იქნება. ვისაც რუსეთი უნდა და საბჭოთა კავშირი, მონობა და ჭაობი ენატრება, აირჩევს “ქართულ ოცნებას”. [სალომე ზურაბიშვილი] შეიძლება უფრო მეტს ხედავს, ვიდრე მე. არ ვიცი, რაზეა ლაპარაკი, ჩემთვის რეფერენდუმი არჩევნებია, რომ რეჟიმი, რომელიც ეღობება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ფაქტობრივად, დივერსიას უწყობს ევროპულ კურსს, ჩამოაშორო ხელისუფლებას”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ამავე თემაზე საუბრისას, მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ თუ ვინმე მივა და დაარწმუნებს მას, რომ ამით რამეს გადავარჩენთ, “ხელმოწერას არ დაამადლის”.

“თუ ვინმე მოვა და დამარწმუნებს, რომ ამით რამეს გადავარჩენთ, ხელმოწერას არ დავამადლი, მაგრამ მე ვერ ვხედავ იმის პერსპექტივას, რომ რაიმეს სიცხადე და სიახლე მოგვიტანოს ამ ინიციატივამ”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ახლა უნდა მომზადდეს რეფერენდუმი, საქართველოს სურს ევროპული თუ რუსული მომავალი.