სოფელ კირბალიდან გატაცებული ლევან დოთიაშვილის მამა აცხადებს, რომ პოლიციისგან აქვს ინფორმაცია, რომ მის შვილს დაზიანებები არ აქვს.
მისივე თქმით, გატაცებული ლევან დოთიაშვილი ე.წ ცხინვალის იზოლატორშია.
„ჩამოათრიეს რუსებმა თვითონ, ჩვენს საზღვარზე გადმოიტანეს და წაიღეთ, მოაშორეთ, წაიყვანეთ მანქანაო. აბა ვინ გამიშვა, გავრბოდი და დამიჭირეს და არ გამიშვეს რომ მენახა, თორემ შეიძლება ცოცხალიც იყო ის ბიჭი. ჩემი მეგობარი და ძმაკაცი იყო გარდაცვლილი. დარეკვით, ჩემ ბიჭს დაარეკვინეს მიცვალებულის ტელეფონით 112-ში , რომ დაჭრილი არის, წაიყვანეთ, მიხედეთო, ჩემმა ბიჭმა. ჩემ ბიჭს არაფერი დაზიანება არ აქვს“, – აცხადებს გატაცებულის მამა.
შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს სროლა იყო საოკუპაციო ხაზთან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცნობით, სოფელ კირბალის მიმდებარედ ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლისას დაიღუპა საქართველოს მოქალაქე, როგორც შემდგომში გახდა ცნობილი ის ადგილობრივი მცხოვრები თამაზ გინტურია. რუსმა ოკუპანტებმა ასევე უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე.