უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ის აგრძელებს მუშაობას ე.წ. სამშვიდობო მისიაზე, რომლის ფარგლებშიც ცდილობს თავიდან იქნას აცილებული უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ესკალაცია.
ორბანის თქმით, უკრაინასა და რუსეთში ვიზიტის შემდეგ მან „სამშვიდობო გეგმა“ გაუგზავნა ევროკავშირის ლიდერებს, რომელიც მოგვიანებით მედიაში გაჟონვის გამო გამოაქვეყნა.
„დავწერე, ივლისის დასაწყისში რომ გარკვეული რამ გაგვეკეთებინა, შეგვეძლო ამ კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილება უახლოეს ორ-სამ თვეში, ახლა, თუ შევადარებთ ივლისის დასაწყისში არსებულ მდგომარეობას, სექტემბრის დასაწყისში ყველაფერი გაცილებით უარესადაა, ვიდრე მაშინ იყო“, – აღნიშნა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერის მტკიცებით, მისი სამშვიდობო მისია არ დასრულებულა.
”მე მასზე მთელი ზაფხულის განმავლობაში ვმუშაობდი, ვმუშაობთ საერთაშორისო დონეზე. გაჩნდება ახალი დამაჯერებელი ინიციატივები, რომელთა ნაწილის ნახვა უკვე სექტემბერში იქნება შესაძლებელი“, – აღნიშნა ორბანმა.