“ბრძოლა ძალაუფლებისათვის-ევროკომისია ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ბრალდებას უარყოფს”-Der Spiegel

161
spot_img

გერმანული ჟურნალის „დერ შპიგელის“ (Der Spiegel) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ბრძოლა ძალაუფლებისათვის: ევროკომისია ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ბრალდებას უარყოფს“, რომელშიც ევროკავშირის ორი ცნობილ პოლიტიკოსს შორის არსებული დაპირისპირების საკითხია განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

ინტერვიუში, რომელიც „შპიგელში“ 4 ოქტომბერს გამოქვეყნდა, ჟურნალისტ მარკუს ბეკერთან საუბრის დროს, ევროსაბჭოს თავმჯდომარემ (პრეზიდენტმა) შარლ მიშელმა მწვავედ გააკრიტიკა ევროკომისიის თავმჯდომარე (პრეზიდენტი) ურსულა ფონ დერ ლაიენი და იგი საგარეო პოლიტიკურ საკითხებში უფლებამოსილების გადაჭარბებაში დაადანაშაულა.
ევროკომისია გაღიზიანდა – როგორ თუ ჩვენი ლიდერი გააკრიტიკეო და უწყების პრეს-მდივნის არიანა პოდესტას პირით შარლ მიშელს შეუთვალა – თქვენი განცხადება ევროკომისიის ხელმძღვანელის ურსულა ფონ ელ ლაიენის მიმართ არასწორია, დამახინჯებულია და სიყალბის ელფერი დაჰკრავსო. მოკლედ, ევროკავშირის ლიდერებს შორის საკმაოდ მწვავე დავა-კამათია ატეხილი. მაინც რა თქვა ბელგიის ყოფილმა პრემიერმა შარლ მიშელმა ინტერვიუში?

ბრალდებები უფლებამოსილების გადაჭარბებაზე

ბელგიელმა ილაპარაკა თავის ფუნქციებზე და უფლებამოსილების გადანაწილებაზე ევროკავშირის თანამდებობის პირებს შორის. შარლ მიშელის თქმით, იგი თვითონ მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ როლს ასრულებს ევროსაბჭოს პრეზიდენტის სახით: „ევროპის საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს სტრატეგიული მიმართულებებით, ევროკომისია კი ამ გადაწყვეტილებებს ასრულებს და მათ რეალიზაციაზე ზრუნავს“, – თქვა შარლ მიშელმა, თუმცა მან იქვე დასძინა, რომ ზოგჯერ რეალიზების თვალსაზრისით, პრობლემები იქმნება ხოლმე.
შარლ მიშელმა მაგალითისათვის დაიმოწმა ტუნისთან დადებული საიმიგრაციო შეთანხმება, რომლის შესახებაც ამას წინათ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა ნიდერლანდებისა და იტალიის პრემიერებთან შეხვედრის დროს, რაც მისი უფლებამოსილების გადაჭარბებას წარმოადგენს – შეთანხმების დადების უფლებამოსილება ევროსაბჭოს პრეროგატივაა და ევროკომისიის პრეზიდენტს ეს არ უნდა გაეკეთებინა. ასევე შარლ მიშელმა ილაპარაკა საკუთარ დამსახურებაზე პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებში და რუსეთის მიმართ სანქციების გამოცხადების დროს.

რა თქმა უნდა, ურსულა ფონ დერ ლაიენის ოფისში შარლ მიშელის ნათქვამმა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ჯერ გაკვირვება, შემდეგ კი გაღიზიანება გამოიწვია. პრეს-მდივანმა არიანა პოდესტამ აღნიშნა, რომ ტუნისთან დადებული შეთანხმება დიდი ხანია მზადდებოდა და ამის შესახებ ყველასათვის ყველაფერი ცნობილი იყო. რაც შეეხება შარლ მიშელის დამსახურებას – „იგი არც პანდემიის და არც ანტირუსული სანქციების გამოცხადებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის დროს მონაწილეობა არ მიუღია“.

ბრძოლა ძალაუფლებისათვის ბრიუსელში

დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ერთი მხრივ, შარლ მიშელი ურსულას აკრიტიკებს უფლებამოსილების გადაჭარბებაში, მაგრამ მეორე მხრივ, თვითონაც ხშირად იმავეს აკეთებს. მაგალითად, უკრაინას აღუთქვა 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანება, რაც მის თანამდებობრივ ფუნქციებში არ შედის და ეწინააღმდეგება მიღების წესებს.
სხვათა შორის, ამ ორ ლიდერს შორის ადრეც მომხდარა საკმაოდ უცნაური ბრძოლა ძალაუფლებისათვის, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის სფეროში. 2021 წელს, ევროპა მოწმე გახდა იმ უხერხული კაზუსისა, რომელიც „სოფაგეიტის“ („დივანგეიტის“) სახელით არის ცნობილი: თურქეთში შარლ მიშელისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის ერთობლივი ვიზიტის დროს, როცა ისინი ქვეყნის პრეზიდენტს რეჯეფ ერდოღანს და იმდროინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდნენ, ურსულასათვის თავისუფალი სავარძელი არ აღმოჩნდა, იგი იძულებული გახდა მევლუთთან ერთად მეორე დივანზე დამჯდარიყო და ისე ელაპარაკა სავარძელში მჯდომ რეჯეფისა და მიშელისათვის, თუმცა, მას სტატუსით პრეზიდენტებთან ერთად ჯდომა ეკუთვნოდა.
თავდაპირველად მომხდარში ბრიუსელმა ანკარა დაადანაშაულა, მაგრამ თურქებმა განაცხადეს, რომ ვიზიტის დეტალები შარლ მიშელთან იყო შეთანხმებული და კითხვები იმას დაუსვითო. ანუ გამოდის, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ევროკომისიის პრეზიდენტი განგებ „დააქვეითა“ სტატუსით. ამ ინციდენტმა ორ ევროპელ პოლიტიკოსს შორის ურთიერთობა გრძელვადიანი პერსპექტივით გააუარესა.

წყარო